როგორ იყენებს ივანიშვილი გამოძიებებს შიდა პარტიული ანგარიშსწორებისთვის - რა დაადგინეს მკვლევარებმა

16.12.25 21:18
როგორ იყენებს ივანიშვილი გამოძიებებს შიდა პარტიული ანგარიშსწორებისთვის -  რა დაადგინეს მკვლევარებმა

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ბოლო პერიოდში დაწყებული დაკავებებისა და ჩხრეკების სერია კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ნაკლებად ჰგავს. ამის შესახებ შეფასებას ავრცელებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომელმაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები გააანალიზა.

ორგანიზაციის დასკვნით, მიმდინარე გამოძიებები რეალურად ორი გავლენიანი ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული - სოსო ლილუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ, და არა კორუფციის ფართო ქსელის გამოსავლენად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, პირველი სამიზნე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო ლილუაშვილია. მის გარემოცვაში დააკავეს მეჯვარე ვლადიმერ ხუნდაძე, ჩხრეკა ჩატარდა მეორე მეჯვარის, ირაკლი ქარსელაძის საცხოვრებელ სახლში. დაკავებულია ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ასევე ჩხრეკა ჩატარდა ლილუაშვილის ნათესავების საცხოვრებელ სახლებშიც.

მეორე მიმართულება უკავშირდება ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას. დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ღარიბაშვილის მეჯვარეა. გამოძიებამ ასევე დააკავა ბურჭულაძის ოჯახის წევრები და მისი პირადი დაცვის წარმომადგენლები. ამავე საქმეზე დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძეც.

ორგანიზაციის შეფასებით, გამოძიების ინტერესის ცენტრში ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ორი ჯგუფია, მაშინ, როდესაც სხვა უწყებებში შესაძლო კორუფციული ფაქტები გამოუძიებელი რჩება. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაცემული აქვთ დაახლოებით 300 საქმე, სადაც „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკები ფიგურირებენ, თუმცა ამ საქმეებზე რეაგირება არ ხდება.

ორგანიზაციის დასკვნით, სისტემა ისე მუშაობს, რომ გამოძიებები მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ეს ივანიშვილის პარტიის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს შეესაბამება, რაც კითხვებს აჩენს - კორუფციასთან ბრძოლაზეა საუბარი თუ შიდა პოლიტიკური შურისძიებაზე.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები