გორდულაძე წარსულ დანიშვნებს „კომპრომისებად“ აცხადებს და არასამთავრობოებს უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებად მოიხსენიებს
არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ 2022 წლამდე "ოცნებას" კომპრომისებზე წასვლა უწევდა და ამტკიცებს, რომ ვერც სიმართლის თქმას ბედავდნენ იმ დოზით, რა დოზითაც ახლა ახერხებენ. მისი თქმით, მაგალითად, საუბარია, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად და გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნაზე. "ოცნების" დეპუტატი აცხადებს, რომ მსგავსი "კომპრომისები" აღარ იქნება.
ამასთან, გორდულაძე არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ საუბრობს და მათ უცხო ქვეყნის "სამთავრობო ორგანიზაციებს" უწოდებს.
2022 წლამდე არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე იმ დოზით გვეთქვა, რა დოზითაც ახლა ვსაუბრობთ, მათ შორის, ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ მოგვიწევდა კომპრომისებზე წასვლა, რაც ახლა გამორიცხულია. არავით შემთხვევაში კომპრომისზე არ წავალთ ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია, მაგალითად, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც არის გიორგი გახარიას პრემიერად ყოფნა, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი ქმედებებისა. ჩვენ მოგვიწია, მაგალითად, ქალბატონი ლომჯარია გაგვეხადა სახალხო დამცველი, რომელზზეც წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, იყო გუნდში, მაგრამ ეს იყო კომპრომისული ვარიანტი. ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ სხვადასხვა ქვეყნის თუ სხვადასხვა ძალის დაფინანსებით საზრდოობს და შესაბამისად, მათ ინტერესებს ატარებს, დიახ, ისინი არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან. ისინი სამთავრობო ორგანიზაციები არიან, მაგრამ არა ქართული, არამედ სხვა ქვეყნის, - ამბობს გორდულაძე.