"არასრულწლოვან შვილს რომ მშობელი შეხვდეს, ამით რა შავდება?" - ხაბეიშვილის დედამ ომბუდსმენს განცხადებით მიმართა
ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ითხოვენ, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე ომბუდსმენმა რეაგირება მოახდინოს. დაპატიმრებული პოლიტიკოსის დედამ იოსელიანის უწყებას სპეციალური განცხადებით უკვე მიმართა.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, სამთვიანი პატიმრობის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილმა შვილები მხოლოდ ერთხელ ნახა, ისიც პროკურატურასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ. მათივე ინფორმაციით, პოლიტიკოსს ამ დრომდე არ ეძლევა სატელეფონო ზარებისა და წერილობითი კომუნიკაციის შესაძლებლობა.
მარინა კოტრიკაძე ამბობს, რომ არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრის საშუალება ყველა პოლიტპატიმარს უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, შვილებთან კომუნიკაციის შეზღუდვა თავად ბავშვების უფლებების დარღვევაცაა.
როგორც ლევანს აქვს შეზღუდული შვილებთან ურთიერთობა, ასევე ყველა 4 ოქტომბერს დაკავებულ პოლიპატიმრებს შეზღუდული აქვთ შვილებთან ურთიერთობა. არასრულწლოვან შვილს რომ მშობელი შეხვდეს, ამით რა შავდება? თუ თავიანთი შვილები შვილები არიან, პოლიტაპტიმრების შვილებმა რა დააშავეს? პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულის გამო ჰყავთ დატყვევებული... არც პროკურატურას, არც მოსამართლეს არაფერს ეკითხებიან, გადაწყვიტეს თვითონ, დაუწესეს შეზღუდვები და ეს მიიღო ყველამ. ბავშვების უფლებები იყოს დაცული. არა მარტო ჩემი შვილიშვილების, არამედ ყველა პატიმრის შვილის უფლება იყოს დაცული და მიეცეს მშობლებთან კომუნიკაციის საშუალება ბავშვებს, - ამბობს კოტრიკაძე.