ქიმიური იარაღის სკანდალი და პოლიტიკური კრიზისი - საქართველოს საკითხზე დღეს ევროპარლამენტარები სტრასბურგში ისმჯელებენ
საქართველოს საკითხს დღეს სტრასბურგში, პლენარულ სესიაზე განიხილავენ, რომელიც დღის წესრიგში მეოთხე საკითხად არის ჩასმული. უახლოეს პერიოდში ევროპარლამენტარები დაიწყებენ გამოსვლებს, დასვამენ კითხვებს და პოლიტიკურ შეფასებებს მისცემენ თბილისში გამართული აქციების დროს მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების გამოყენების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, რომელსაც ისინი არასანდოდ მიიჩნევენ.
დეატები ასევე შეეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც. დებატების დაწყებამდე სიტყვით გამოსვლა ექნება ევროკომისიის წარმომადგენელს.
მანამდე კი "ოცნება" ევროდეპუტატების კრიტიკას არ წყვეტს. ლევან მახაშვილი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტარებისგან რაიმე პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
ჩვენ დიდი ხანია ევროპარლამენტის მხრიდან აღარ გაქვს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი იმის გათვალისწინებით, რა ე.წ. რეზოლუციები თუ დებატები ვიხილეთ გასული წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, იგივე სცენარის გამეორებას აპირებს. კი, ბატონო, ეს ზოგიერთი ევროპარლამენტარის გადასაწყვეტია. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტარებიდან საქართველოს პრორტფელი რატომღაც ჩაბარებული აქვს ან ეთნიკურად რუსებს, ან ყოფილ კომუნისტებს. როცა საქართველოს მიუთითებენ რუსეთუმეობაში და ყველაფერს აძაგებენ თუკი რომელიმე ჭერქვეშ ვიღაცა რუსთან გადავიკვეთეთ, დღეს, ფაქტია, ევროპარლამენტში არიან ეთნიკურად რუსები, რომლებიც საქართველოს პორტფელს მართავენ, - ამბობს ლევან მახაშვილი.
ოპოზიცია კი ევროპარლამენტში გამართული დებატების მნიშვნელობას განსაკუთრებულ ხაზს უსვამს. „ცვლილებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, რომ საკითხის ევროპულ დონეზე განხილვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
აუცილებელია, ევროპამ და დასავლეთმა იცოდეს, ე.წ ხელისუფლება იყენებს თუ არა ქიმიურ იარაღს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც არის საერთაშორისო დანაშაული და საერთაშორისო დანაშაულს სჭირდება საერთაშორისო გამოძიება და აღსრულება მერე მიღებული გამოძიებიდან გამომდინარე. ამიტომ ევროპარლამენტში ეს დებატები არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს ეს დებატები ასევე იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საერთაშორისო გამოძიებას ფიქრობენ ან აპირებენ და შესაბამისად, ეს დებატები ასევე აისახება ევროკავშირის დეკემბრის ბოლოს არსებულ საბოლოო ანგარიშში, სადაც შეფასდება საქართველოში არსებული მდგომარეობა საბოლოოდ, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია კი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტში გამართული დებატები პირდაპირ აისახება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
რეჟიმი, მაღალი ალბათობით, წამლავდა საკუთარ მოსახლეობას. ასეთი რეჟიმი, არავის, ევროპული კავშირის წიაღში არ სურს. შესაბამისად, ვიდრე ეს რეჟიმი მართავს ქვეყანას, არავითარი ევროპული ინტეგრაცია აღარ არსებობს და რა თქმა უნდა, ყველა განცხადება, რაც გაკეთდება, იქნება ეს ევროპულ პარლამენტში, ევროპული კომისიის მიერ თუ სხვა, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მკვეთრი, მკაფიო, მკაცრი და ყოველთვის შეახსენებს საქართველოს, რომ მას ჰქონდა შანსი, შესულიყო ევროპულ კავშირში, მაგრამ ეს შანსი არ გამოიყენა რამდენიმე ქოცი არარაობის გამო, - ამბობს გეგელია.