"არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები" - პაპუაშვილი ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

18.12.25 12:04
"არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები" - პაპუაშვილი ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს არაადეკვატურსა და რეალობას აცდენილს უწოდებს. 

  • ცნობისთვის, გუშინ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. მათ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზეც ისაუბრეს. 

პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო BBC".

BBC-ის ცრუ რეპორტაჟი იყო ნაწილი იმ ჰიბრიდული თავდასხმისა, რომელსაც შემდეგ უნდა მოჰყოლოდა ამგვარი რეაქციები, თუმცა ერთი რამ ვერ გათვალეს, მათ იფიქრეს, რომ BBC-ის რეპორტაჟზე იქნებოდა უბრალოდ სიტყვიერი საუბარი და სინამდვილეში გამოძიება არ ჩატარდებოდა. ეს ტექსტები, რაც გუშინ მოვისმინეთ, არის გამზადებული ტექსტები იმ დროისთვის, როცა არ არის ჩატარებული გამოძიება, არაფერი არ ხდება საქართველოში და ახლა მოუწოდებენ გამოძიებას, ეჭვები არსებობს „კამიტზეო“, თუმცა ეს წინასწარ დაწერილი ტექსტები კვლავ ასცდა რეალობას. არაადეკვატური იყო, ვინაიდან ჩატარდა გამოძიება, ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა თქვა, - თუკი რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას, აქვს რაიმე კითხვა, აგერ არის ხელისუფლება, აგერ არიან სამართალდამცველი ორგანოები, მზად ვართ ნებისმიერ ინფორმაციაში ჩავახედოთ, ვაჩვენოთ და განვუმარტოთ. ამიტომ აცდენილი იყო გუშინდელი განცხადებები და ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო BBC, რომელმაც აბსოლუტურად დაინგრია საკუთარი რეპუტაცია და იქცა ჩვეულებრივ პროპაგანდის იარაღად სხვა ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმისა. ვნახეთ ჩვენ აშშ-ზე ჰიბრიდული თავდასხმა BBC-ის გამოყენებით, პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის გზით და ვნახეთ საქართველოზე თავდასხმა BBC-ის გამოყენებით. ეს თავდასხმა ჩაიშალა, გუშინ ვნახეთ უბრალოდ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები. გამოდიან და კიდევ საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღზე, რომელიც უკვე სასაცილოდ აქვს ყველას, ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც, იმასაც, ამასაც, თუთიყუშიც კი იცინის უკვე ამ ცრუ ნარატივზე," - განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

მსგავსი სიახლეები