როდის მოხდება პარლამენტში უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის მხარდაჭერის რატიფიცირება?

18.12.25 17:56
როდის მოხდება პარლამენტში უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის მხარდაჭერის რატიფიცირება?

როდის მოხდება საქართველოს პარლამენტში უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის მხარდაჭერის რატიფიცირება? - უკრაინულ მედიას საქართველოს მხარდაჭერა გაუკვირდა. 

  • "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას.
  • კომისია განიხილავს რუსეთის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ან მას შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის ფონზე, მაკა ბოჭორიშვილის ჰააგაში ჩასვლა და უკრაინის მხარდამჭერი სიტყვით გამოსვლა შესაძლოა ქიმიური ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მეგობრობის დაინტერესებას უკავშირდებოდეს. 

თუ ვსაუბრობთ იმაზე რამდენად თანმიმდევრულია საქართველოს პოლიტიკა, რა თქმა უნდა, არ არის თანმიმდევრული და არც პრაგმატული მათ შორის იმიტომ, რომ პრაგმატული არ შეიძლება იყოს პოლიტიკა, სადაც შენ მოკავშირედ ფაქტობრივად აცხადებ რუსეთს და თუკი რაიმე გასაკრიტიკებელი გაქვს ასახელებ ბრიუსელს. 

სიტყვით გამოსვლა ადრე არ ყოფილა, ამას ერიდებოდა "ქართული ოცნება", ეს ფაქტია, მაგრამ თვითონ ხმის მიცემასთან დაკავშირებით განსხვავებები არ გვაქვს. რამ გამოიწვია ეს - ალბათ, მართლაც შეიძლება იყოს კავშირში იმასთან, რომ არსებობს გარკვეული, მე ვიტყოდი საკმაოდ მნიშვნელოვანი ალბათობა, რომ საერთაშორისო მეგობრობა დაინტერესდეს იმ ქიმიური ნაერთების გამოყენებით. შეიძლება დადგეს საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხიც. შესაძლოა ამასაც ემსახურებოდა ნაწილობრივ ის ინიციატივა, რომ სიტყვითაც გამოსულიყო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ სხვა მხრივ არაფერი დიდი განსხვავება არ გვაქვს," - ამბობს "თავისუფლების მოედნის" წევრი, ბაკურ კვაშილავა. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" უპრინციპო ხელისუფლებაა, რომელიც ისე საუბრობს როგორც სჭირდება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, როგორც ჩანს, ივანიშვილის გუნდს, მაკა ბოჭორიშვილის ქმედებაზე რუსეთისგან ჰქონდა უფლება აღებული. 

მოქალაქეებმა პირველ რიგში უნდა დაინახონ, რა მატყუარა, უსინდისო ხელისუფლებასთან აქვთ საქმე. ხელისუფლებასთან, რომელიც მათ უმტკიცებს, რომ გლობალური ომის პარტია აწარმოებს ომს უკრაინაში და დასავლეთი არის ეს გლობალური ომის პარტია. 

მეორეს მხრივ, ქალბატონი ბოჭორიშვილი ესწრება იმ შეხვედრას, რომელიც მისივე ხელისუფლების აზრით არის გლობალური ომის პარტიის თავყრილობა. 

ეს არის უპრინციპო ხელისუფლება, რომელსაც როგორც სჭირდება ისე საუბრობს. როგორც ჩანს, ჰქონდათ ამაზე უფლება აღებული რუსეთისგან, თუმცა ვნახოთ ბოლომდე მიიყვანს თუ არა პროცესს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ "ოცნება" ამ ნაბიჯით შესაძლოა ირაკლი კობახიძის აშხაბადში პუტინთან ერთად ვიზიტის გამოსწორებას ცდილობდეს. 

ბოლო გამოკითხვებით, რომელიც მათ ჩაატარეს, თვითონ მათი მომხრეები ამბობენ, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობის დაძაბვა და საქართველოს ბედის გადაწყვეტა აშხაბადში, ეს რა თქმა უნდა, ბოლო კატასტროფული ვიზიტის შემდეგ პუტინთან ერთად კობახიძის, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის. ამიტომ, იზოლაცია ყველასთვის და მათთვის არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ახლა გადაწყვიტეს, რომ ამ კონტექსტში საგარეო პოლიტიკური ოპტიკა შეცვალონ, თორემ ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა არ აინტერესებს უკრაინის აღმშენებლობა, ივანიშვილს არ აინტერესებს ამ კონვენციის შესრულება, უბრალოდ მათ აღელვებთ იზოლაცია," - თქვა დეკანოიძემ.

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ყველა საჭირო პროცედურას გაივლის. 

რა პროცედურებიც საჭიროა, იმ პროცედურებს გაივლის როგორც გარეთ, ისე შიდა სამართლებრივ პროცედურებს. სხვები როგორც მოახდენენ, ზუსტად ისე მოვიქცევით ჩვენც. 

ჩვენ ერთგული ვრჩებით უკრაინის ხალხის მიმართ მხარდაჭერისა და ყველაფერი რაც საჭირო არის, მხარი დავუჭიროთ ჩვენ უკრაინელ ხალხს, ამას ვაკეთებთ ომის დაწყების პირველივე დღიდან. 

ერთადერთი რაც შეიძლება გასაკვირი ყოფილიყო, იქნებოდა ის, რომ იმ უმადურობის ფონზე, რომელსა უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად უკრაინის პრეზიდენტი იჩენს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამ უმადურობის ფონზე რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება გაკვირვებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებებს და ინსტრუმენტებს. 

ისევე, როგორც უკრაინას იყენებენ დღეს ზოგიერთი ძალები მარიონეტად რუსეთის წინააღმდეგ და ეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც დაადასტურა, რომ ეს არის მარიონეტული ომი, ვიღაცას ზუსტად ასე უნდოდა, რომ მარიონეტული ომის ინსტრუმენტი ვყოფილიყავით. მერე, როგორც უკრაინასთან არის, ვაი ვიშვიში ყოფილიყო ფულს საიდან გამონახავდნენ," - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები