ბრიტანეთის საელჩო საქართველოს მოუწოდებს, რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად ძალისხმევა გააძლიერონ

19.12.25 15:45
ბრიტანეთის საელჩო საქართველოს მოუწოდებს, რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად ძალისხმევა გააძლიერონ

მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, , ჩრდილოვანი ფლოტი” არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს, არამედ უგულებელყოფს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო უსაფრთხოებას.

„უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გაერთიანებულმა სამეფომ, 24 სახელმწიფოსთან ერთად, ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას შექმნას. ამ ახალი ხელშეკრულებით უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა,რათა საზარელი დანაშაულების ჩადენისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ხელშეკრულება იმედისმომცემია ყველა იმ ოჯახისა და ადამიანისთვის, რომლებიც აგრესიის შედეგად დაზარალდნენ.

ეს მკაფიო გზავნილია პუტინისთვის, რომ აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩება. კონვენციის ხელმომწერთა შორის არის საქართველოც, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

…. გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დააწესა სანქციები რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე. ამ კვირაში დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რუსული ნავთობი ჩაიხსნას გლობალური ბაზრიდან და სანქციები დაუწესდათ კიდევ ოთხ ნავთობმწარმოებელს და მათ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას. ამ დრომდე გაერთიანებული სამეფოს სანქციები მოიცავდა რუსული ნავთობის წარმოების 83%-ს. თუმცა,რუსეთის სიდიდით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე უმსხვილესი ნავთობკომპანიების დასანქცირებით, ჩვენ ვუახლოვდებით დარჩენილ 17%-ს.

… ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეძლებს დაიცვას საკუთარი ენერგო უსაფრთხოება, რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამით ხელს შეუწყობს რუსული ომის მანქანისთვის შემოსავლების შემცირებას. რუსეთი არ არის სანდო ენერგო პარტნიორი, ხოლო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მედეგობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ლონდონმა „რუსნეფტს“, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის, სანქციები დაუწესა - დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს კიდევ სამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Татнефт-ს, Руснефтегаз-სა და ННК-Ойл-ს.

რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შემდეგ დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) რუსეთიდან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები