ბიჭიკო პაიკიძე დაკავებულია - გადმოსცემს თუ არა ესპანეთი საქართველოს ლილუაშვილის ნათესავს?
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუიაშვილის ახლო ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს. დაკავება ესპანეთის პოლიციამ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელა, თუმცა ფაქტი საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, მაშინ, როცა დაკავებიდან დაახლოებით 10 დღეა გასული.
პაიკიძე კორუფციული დანაშაულის ბრალდებით იძებნებოდა, თუმცა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ამასთან, ადვოკატებისა და ოჯახის წევრების განცხადებით, პაიკიძე თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა, რაც კითხვებს აჩენს - როგორ აღმოჩნდა ძებნილი პირი ესპანეთის ტერიტორიაზე.
ადვოკატის ვერსიის მიუხედავად, ამ ეტაპზე არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ პაიკიძემ თურქეთიდან ესპანეთში სხვა პირის სახელზე გაცემული პასპორტით გადაკვეთა საზღვარი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ პაიკიძეს მოქმედი ქართული პასპორტი გაუუქმდა, თუმცა ჩნდება კითხვა - ფლობდა თუ არა იგი სხვა დოკუმენტს, სხვა სახელზე გაცემულ პასპორტს ან ევროკავშირში ბინადრობის უფლებას.
ბიჭიკო პაიკიძე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის უახლოესი გარემოცვის წევრად მოიაზრება. ამ კონტექსტში, საზოგადოებრივი ყურადღება კიდევ ერთხელ გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ „ქართული ოცნების“ არაერთი წარმომადგენელი, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებში ბინადრობის უფლებას ფლობს - ხშირად დაუფარავად.
მაგალითად, ეკონომიკის მინისტრის დაკავებული მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საცხოვრებელში ჩატარებული ჩხრეკისას ესპანეთში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი იქნა აღმოჩენილი; ესპანეთში უძრავი ქონება აღმოაჩნდა თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც; ამავე ქვეყანას შეაფარა თავი სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის სხვა ახლო გარემოცვის წარმომადგენლებმაც.
ადვოკატის განცხადებით, დაკავების შემდეგ ესპანეთის სასამართლომ პაიკიძე დროებით გაათავისუფლა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იგი ამ ეტაპზე თავისუფლებაზე მყოფი ელოდება.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.