არცერთი სიტყვა მისივე დანიშნულ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც კორუფციულ სკანდალში ფიგურირებენ - სად არის ივანიშვილი?
ბოლოს როდის ნახეს პირისპირ ბიძინა ივანიშვილი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას „ქართული ოცნების“ ლიდერები თავს არიდებენ. კორუფციული სკანდალების სერიის დაწყებიდან უკვე ორი თვე გავიდა, თუმცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე საჯაროდ არც გამოჩენილა და არც მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გაუკეთებია.
ამ დროის განმავლობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კანონის დარღვევით მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით ფიგურირებს გამოძიებაში, ბიზნესმენებმა ჩვენებები მისცეს ვახტანგ ბურჭულაძის წინააღმდეგ ქრთამის გადახდის შესახებ, სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს გრიგოლ ლილუაშვილის საცხოვრებელ სახლში, ხოლო ფარცხალაძის სახლშიც საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საქმეებში რამდენიმე ფიგურანტი ამ დრომდე თავისუფლებაზე რჩება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის მიმდინარე საქმიანობაში აქტიურად არ მონაწილეობს. მისი განცხადებებიდან ირკვევა, რომ პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის პასუხისმგებელ პირებსაც, ბოლო პერიოდში პირადად არ შეხვედრია.
დღეს ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი მისი გუნდის წევრების დაკავებასა და მათთვის ბრალდებების წარდგენაზე და გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმ პირებზე, რომლებიც ხელისუფლებაში მისი მხარდაჭერით მოვიდნენ. აღნიშნულ კითხვებზე პაპუაშვილმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის საქმეს, მისი სასამართლო პროცესები გადაიდო. პროკურატურის განმარტებით, უწყება დამატებითი მტკიცებულებების მოძიებას აგრძელებს. ამასთან, გრიგოლ ლილუაშვილი და ფარცხალაძე ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსს არ ფლობენ.
მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში გააჩინა კითხვები, უკავშირდება თუ არა გამოძიებების შეფერხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას და წარმოადგენს თუ არა მიმდინარე საქმეები კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.