დასრულდება თუ არა ქიმიური იარაღის სკანდალი ბრიტანული სანქციებით? - რას ითხოვს ლონდონი და რას პასუხობს „ოცნება“
ბრიტანეთი ივანიშვილის ხელისუფლებისგან დამატებით განმარტებებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს ქიმიური ნივთიერების გამოყენების ფაქტზე ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. ლონდონში მიიჩნევენ, რომ ხუთდღიანი კვლევის შედეგების მოკლე ბრიფინგით წარდგენა საკმარისი არ არის და ქართულმა მხარემ გამოძიების სრულფასოვანი შედეგები უნდა გამოაქვეყნოს.
ამასთან, ბრიტანეთის მთავრობის საგარეო საქმეთა ოფისი "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოავლინოს შესაძლო ძალადობის პასუხისმგებელი პირები და უზრუნველყოს მათი პასუხისგებაში მიცემა. ეს პოზიცია გაჟღერდა ბრიტანეთის საგარეო უწყების ოფიციალურ პასუხში, რომელიც ლორდთა პალატის წევრის, ჯორჯ ფოლკსის მიერ დასმულ საჯარო კითხვას მოჰყვა.
ფოლკსი დაინტერესდა, განიხილავს თუ არა ბრიტანეთის მთავრობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შესაძლო დასანქცირებას ქიმიური იარაღის რეგულაციის აქტის საფუძველზე. აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი დიდ ბრიტანეთში 2019 წელს ამოქმედდა და უკვე გამოყენებულია იმ რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ალექსეი ნავალნისა და სკრიპალების მოწამვლის საქმეებში ფიგურირებენ.
ლორდთა პალატაში სწორედ ამ აქტზე დაყრდნობით ისმის მოწოდებები ქართველი ოფიციალური პირების შესაძლო დასანქცირების შესახებ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე ბრიტანული მხარე პარტნიორებისგან დეტალურ და დამაჯერებელ საგამოძიებო ანგარიშს ელოდება.
ექსპერტების შეფასებით, თუ სანქციები აღნიშნული აქტის საფუძველზე ამოქმედდება, ისინი შესაძლოა გავრცელდეს არა მხოლოდ პერსონალურ ფინანსურ შეზღუდვებზე, არამედ ბრიტანეთის ოფშორულ იურისდიქციებშიც არსებულ აქტივებზე. ეს რისკი ხელისუფლებისთვის ცნობილია, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გეგმავს „ქართული ოცნება“ ლონდონის მოთხოვნებზე პასუხს და ითანამშრომლებს თუ არა შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.