სად არის და რის სანაცვლოდ მიიღო ხელშეუხებლობის გარანტიები გრიგოლ ლილუაშვილმა?
"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებულ, მობილურით გადაღებულ კადრში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ჩანს.
- პირი, ვინც ეს ვიდეომასალა "ტვ პირველს" მიაწოდა, ყვება, რომ სუს-ის ექს შეფი სამთავისის ეკლესიაში დააფიქსირა. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. "შაბათის ეთერს" კიდევ ორ ისტორიას უყვებიან გრიგოლ ლილუაშვილის საჯარო სივრცეში გამოჩენის შესახებ. ლილუაშვილი ტაძრებს ირჩევს, ბოლოს ის მცხეთის ჯვრის მონასტერში ნახეს.
კაცი, რომელიც ემიგრაციაში ყოფნის მიუხედავად, "ოცნების" რიგებში მისთვის სანდო ადამიანებთან კონტაქტს არ წყვეტს, ამტკიცებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი დაჭერას გადაურჩა.
მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ კობახიძე და მდინარაძე ივანიშვილს არწმუნებდნენ, ღარიბაშვილის მსგავსად, მინიმუმ ლილუაშვილისთვის წაეყენებინათ ბრალი, თუმცა მის დაჭერაზე ივანიშვილი ჯერ თანხმობას არ გასცემს.
- ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია დოკუმენტები, ხოლო მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი დააკავეს. ორი პირი მიმალვაშია. ამ ფონზე კი გრიგოლ ლილუაშვილი ისევ ხელშეუხებელია.
წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მთავარი კაპიტალი ახლა ინფორმაციაა - ფარული ჩანაწერები, დოსიეები და ოპერატიული მასალა. "მან იცის ყველაფერი იმ არაფორმალური გარიგებების შესახებაც რომელზეც წლების განმავლობაში იდგა სისტემა, ოლიგარქი და მისი პოლიტიკური ელიტა".
გიორგი მუხიგულაშვილი ის პირია, ვინც "ოცნების" შიდა კულუარებზე ბევრი რამ იცის. ის "შაბათის ეთერს" უყვება, რომ გრიგოლ ლილუაშვილს კომპრომატები მხოლოდ ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ არ აქვს.