ბოლო წლებში, საქართველომ განვითარების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია - მაკა ბოჭორიშვილი
ბოლო წლებში, საქართველომ განვითარების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, იცვლება საქართველოს პერსპექტივები და იხსნება ახალი შესაძლებლობები.
ძალიან რთულ, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს მუშაობა. გლობალური და რეგიონული პროცესები პირდაპირ აისახება ჩვენს ქვეყანაზე.
დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება.
უსაფრთხოების არსებული გამოწვევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები და მზარდი გაურკვევლობა კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტიანად გასახორციელებლად.
არსებულ გარემოში დიპლომატიური სამსახურის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის, რომლის წინაშეც უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას ორი რეგიონის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა წარმოადგენს.
საქართველომ უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ბოლო წლებში, განვითარების თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია.
ქვეყნის განვითარებასთან ერთად, იცვლება საქართველოს პერსპექტივები და იხსნება ახალი შესაძლებლობები. იზრდება საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა, ძლიერდება საქართველოს პოზიცია რეგიონული ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფეროში, იზრდება ინვესტორთა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ამ მიღწევებში საგარეო სამსახურის წვლილი არსებითია.
ახალ შესაძლებლობებს ახალი გამოწვევებიც ახლავს, რაც სუვერენული საგარეო პოლიტიკის განმტკიცებას, ქვეყნის ინტერესების სიღრმისეულ გააზრებას და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიან გამოყენებას საჭიროებს.
ბოლო პერიოდში, ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშნველოვან გამოწვევას წარმოადგენს"- თქვა ბოჭორიშვილმა.