კალაძე ადასტურებს, რომ გამოძიება „პროგრეს ბანკის“ არქივს სწავლობს

22.12.25 15:38
კალაძე ადასტურებს, რომ გამოძიება „პროგრეს ბანკის“ არქივს სწავლობს

კახა კალაძე ადასტურებს "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის" ინფორმაციას, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „პროგრეს ბანკის“ არქივს სწავლობს. 

დედაქალაქის მოქმედი მერის მტკიცებით, „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მისი ინიციატივით დაიწყო: „გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს“. 

კალაძე კომენტარში ახსენებს "შანტაჟს", თუმცა არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობდა.

„საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - თქვა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. 

კალაძე იქვე ამტკიცებს, რომ „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩემი გამოძიებასთან სათანამშრომლო არაფერი არ არის“.

„ნოდარ მელაძის შაბათმა" გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახა კალაძის მიერ დაფუძნებული „პროგრეს ბანკის“ მემკვიდრე სააქციო საზოგადოებიდან, „პროგრესიდან“ გამომძიებლებმა ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს. 

ამავე წყაროს თანახმად, საქმესთან დაკავშირებით 2024 წლის 24 ივნისს ჩხრეკა ჩატარდა გიორგი მოდრეკელიძის სახლში.  ეს არის ის პირი, რომელიც ბანკში მუშაობდა და მოგვიანებით მისი მემკვიდრე სააქციო საზოგადოების ფორმალურ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები