უვიზოს შეზღუდვის მექანიმზი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული არაა, პირიქით – ზურაბიშვილი
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების თემაზე ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ევროკავშირის მიერ შემუშავებული მექანიზმი არ არის მიმართული მოქალაქეების წინააღმდეგ და მისი მიზანი არ უნდა გახდეს ქართველი ხალხის დასჯა.
ზურაბიშვილმა განმარტა, რომ საუბარია ინსტრუმენტზე, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს, ადამიანის უფლებების დარღვევის, ძალადობისა და კანონის უზენაესობის შეზღუდვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დააკისროს კონკრეტულ ოფიციალურ პირებს და არა საზოგადოებას.
"აქ არავინ უნდა შეგიყვანოთ შეცდომაში, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მექანიმზი არ არის მიმართული საზოგადოების და მოქალაქეების წინააღმდეგ, პირიქით, ახალი მექანიზმი აძლევს ევროკავშირს საშუალებას, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის, ძალადობის, კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, მიიღოს შეზღუდვები, რომლებიც ეხება იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ყველა ამ ზომებზე, ანუ ქართული ოცნება.
პირველ პერიოდში, 1 წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში, არ ეხება საზოგადოებას და მოქალაქეებს, ვრცელდება მხოლოდ ოფიციალურ პირებზე. შემდეგ იწყება მეორე პერიოდი, თუკი ქართულმა ოცნებამ არაფერი არ შეასრულა კიდევ ერთხელ ამ პერიოდში და ალბათ ეს არის ის, რასაც უნდა ველოდოთ, იწყება მეორე პერიოდი, რომელიც არის 24 თვე. მთლიანად ეს მოიცავს 36 თვეს, სადაც შეიძლება ეს ზომები გავრცელდეს ყველაზე ან გაგრძელდეს იმავე ფორმით, ოფიციალურ პირებზე.
დღეს, ჩვენ ყველან, ვინც ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ კუთხით, რომ ეს შეზღუდვები არ შეეხოს მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან მთელი მათი ძალით და ღონით იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ევროკავშირის გზის შანსი და ეს შეზღუდვები უნდა ეხებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ყველა იმ კანონზე, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებსა და მოთხოვნებს, - განაცადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილის პარტია ცდილობს, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის პასუხისმგებლობა ევროკავშირზე გადაიტანოს.
"ქართული ოცნების" მხრიდან არის მცდელობა, რომ დაადანაშაულოს ევროკავშირი, რომ ჩვენ გვზღუდავენ რაღაცაში, შანტაჟს ახორციელებენ საქართველოს მოქალაქეებზე და ა.შ. ეს მცდელობა დიდი ხანია გრძელდება, ის რაზედაც პასუხისმგებელია ქართული ოცნება და მხოლოდ ქართული ოცნება, ეს პასუხისმგებლობა გადაიტანოს ევროკავშირზე. იმისთვის, რომ პირნათლად იყოს თავისი მოსახლეობის წინაშე, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი მომავალი არის ევროკავშირი და ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სწორედ არის ეს ვიზალიბერალიზაცია".
მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ისტორიაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, მისი თქმით, წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მოთხოვნებთან.
"საჭიროა, ჩვენ დავუბრუნდეთ ფაქტებს, ფაქტია ის რომ ჩვენ 2017 წელს დიდი ძალისხმევის შემდეგ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და იმავდროულად, დააწესა ევროკავშირმა და გაგვაცნო მექანიზმი, რომელიც თან ახლავს მას და რომელიც მოითხოვდა საქართველოსგან, რომ შეესრულებინა მთელი რიგი რეკომენდაციების, რომელსაც ითხოვს ევროკავშირი იმ ქვეყნებისგან, რომლებიც არის მიმართული ევროკავშირის სრული, ინტეგრირებული წევრობისკენ, ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით, - თქვა მან.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველომ მიიღო იმ პირობებშიც, როცა ევროკავშირს კითხვები ჰქონდა მიგრაციისა და თავშესაფრის მოთხოვნების მაღალ მაჩვენებლებზე.
მისი თქმით, ანალოგიური ვითარება იყო 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესშიც.
"უნდა გავიხსენოთ, რომ სტატუსი მივიღეთ არა იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ რამე შეასრულა, იმ რეკომენდაციებიდან, რომლებიც ეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ანტიკორუფციულ ზომებს" - არცერთი რეკომენდაცია არ იქნა შესრულებული, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, - თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ქართველი ხალხის პოზიციამ განაპირობა და არა "ოცნების" შესრულებულმა ვალდებულებებმა.
"როცა ევროკავშირმა გადადგა ნაბიჯი და მოთხოვნების მიუხედავად, მოგანიჭა ის, რაც არ გერგებოდა, როგორც ხელისუფლებას ამის მერე რომ შენ მისი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიხარ და დღის წესრიგში მაინც აყენებ იმას, რაზედაც ნათქვამი გქონდა, რომ აღარასდროს არ დააბრუნებდი ამ კანონს [რუსული კანონი].
ამის შემდეგ, მთელის ეს 2024 წელი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოჰყვება, ქართული ოცნება არცერთ ზომას არ იღებს, რომელიც ესატყვისება ევროკავშირის მოთხოვნებს, თუნდაც ფორმალურად, პირიქით, ყველა კანონი და გადაწყვეტილება, რაც მიღებულია, ეწინააღმდეგება ყველა იმ რეკომენდაციას, რაც ჩამოწერილია ევროკავშირის მხრიდან. [...]
2025 წელსაც, ქართული ოცნების მხრიდან გრძელდება ამ ყველაფრის უგულვებელყოფა, რიტორიკასთან ერთად, დღე არ გადის რომ ვინმემ არ ლანძოს ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი და ევროპელი ლიდერი, ეს არის რაც ახასიათებს მთელ 2025 წელს, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.