ზურა ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

22.12.25 20:46
ზურა ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

 

 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 000- ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.

ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დამატებით საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

არ მაქვს ჯერ პოზიცია [ვაპირებ თუ არა გირაოს გადახდას]. ჩემი აზრით, ერთადერთი რასაც უკავშირდება არის დღევანდელი 3 საათიანი ბრიფინგი, რომელიც კოალიციამ გავაკეთეთ, სადაც ვილაპარაკეთ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ადამიანების წინააღმდეგ სისტემური წამების ფაქტებსა და ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე. ერთადერთი რასაც შემიძლია დავაკავშირო ლოგიკურად არის ეგ იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ ვხსნი დღეს რა შუაში იყო ეს ამბავი, რატომ არ გააკეთეს პარასკევს იგივე, მე ხო9მ პარასკევს დილის რვა საათიდან გარეთ ვარ და თუ ჩემი გარეთ ყოფნა პრობლემა იყო გირაოს გარეშე, პარასკევს ჩაენიშნათ, შაბათს ჩაენიშნათ, დღეს დილით ჩაენიშნათ. ერთადერთი არის, რომ სამზე იყო ბრიფინგი და 2 საათში დაიწყეს რეკვა, რომ აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა ვიმსჯელოთო. ეგ თემა მათთვის არის ძალიან მტკივნეული, როგორც მაგ თემას შეეხება, გეწყება პრობლემები. ეგ ნიშნავს, რომ მაგ თემაზე უნდა ჩავაჭიროთ მაქსიმალურად იმიტომ, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი დიდი ალბათობით. 

იქ ახლა დარბაზში რაც ხდებოდა იყო ჩვეულებრივი მასკარადი, იქიდან რაღაცაზე მსჯელობა რთულია. პროკურორი მოუმზადებელი იყო და უბრალოდ ლაპარაკობდა ჩემ პიროვნულ მახასიათებლებზე, რაც კი გაუგია მედიიდან მაგას ყვებოდა, რომ არ ვარ კანონმორჩილი ადამიანი, კანონებს პატივს არ ვცემ და ამიტომ გირაო მიშველის.

რასაც მდებენ ბრალს, რომ უცხოელებთან ვლაპარაკობდი და ხალხს მოვუწოდებ პროტესტისკენ, იქაც გავუმეორე, მაგას ახლაც ვაკეთებ-მეთქი, აქედან რომ წავალ პროტესტზე გავალ-მეთქი და გირაო მექნება თუ არა მაგას როგორ აზღვევთ-მეთქი და ორივეჯერ გამიტარა მაგ კითხვაზე პასუხი იმიტომ, რომ არ ჰქონდათ. 

პასპორტი და პირადობა [ორივე ჩამომერთვა]," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს საბოტაჟს ედავებიან, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ზურა ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს იდენტური მუხლებით წაუყენეს ბრალი, საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.

  • შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე პარასკევს, 19 დეკემბერს დატოვა. ის ციხეში თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაუშვეს. 

მსგავსი სიახლეები