ჩხრეკა კალაძის დახურულ ბანკში - მერის აღიარება და მინიშნება შანტაჟზე

22.12.25 20:09
ჩხრეკა კალაძის დახურულ ბანკში - მერის აღიარება და მინიშნება შანტაჟზე

კახა კალაძემ დღეს დაადასტურა, შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაცია, რომ მისი დაფუძნებული ბანკის საქმიანობას ფინანსური პოლიცია სწავლობს. კალაძემ დღეს არ თქვა მიზეზი რას ეძებს "პროგრეს ბანკის" გადარიცხვებში საგამოძიებო უწყება, თუმცა ამტკიცებს, მიზეზი არა ფინანსური დანაშაული არამედ შანტაჟია. ვინ ვის აშანტაჟებდა "ოცნების" ლიდერს დღეს არ უთქვამს.  

კალაძე აკონკრეტებს, რომ მას არ აშანტაჟებენ, თუმცა არ ამბობს ხომ არ ეხება საქმე მის სიმამარს ბადრი არეშიძეს, რომელიც გამოძიების საგნად ქცეულ ბანკს ხელმძღვანელობდა. კალაძეს დღეს არც ბიძინა ივანიშვილი უხსენებია, რომელიც ამ ბანკის მეწილე იყო. ფაქტია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაფუძნებიდან ლიკვიდაციამდე კალაძის დახურული ბანკის ყველა დოკუმენტს სწავლობს. გამომძიებლებმა ტრანზაქციების, დეპოზიტების და გადარიცხვების შესახებ სრული ინფორმაცია წაიღეს, ეს ის მონაცემებია, რომლითაც შეიძლება გაიგო იყო თუ არა ბანკში დაცული ფული კანონიერი გზით მოპოვებული.

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, შესაძლოა "პროგრეს ბანკის" გავლით ფულის გათეთრების სქემას საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც სწავლობდნენ, რადგან, ბანკის აქციონერი ილია გავრილოვი, რომელსაც კალაძემ წილი მიჰყიდა, რუსეთში ბანკ "რაზვიწიედან" დიდი ოდენობით ფულის მოპარვის საქმეზე დააკავეს. სწორედ გავრილოვის გადმორიცხულ იყო კალაძის დაფუძნებულ ბანკში მილიონობით დოლარი. ჩნდება კითხვა - ხომ არ არის ეს ის ფული, რომელიც მოპარვასაც გავრილოვის რუსული ბანკიდან ედავებიან. 

"პროგრეს ბანკით" გამოძიების დაინტერესება, დროში ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე საერთაშორისო ყურადღება გაიზარდა. ამასთან, პარტიაში აქტიურ ფაზაშია შიდა კლანური დაპირისპირებაც. ეს გარემოებები კორუფციის მკვლევარებს უჩენს ეჭვს, რომ კალაძე შანტაჟის ობიექტი პოლიტიკური შურისძიების მოტივით გახდა.

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები