რა დავალება მიიღეს დიპლომატებმა "ოცნებისგან" უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხის ფონზე

22.12.25 20:39
რა დავალება მიიღეს დიპლომატებმა "ოცნებისგან" უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხის ფონზე

საერთაშორისო იზოლაციას ელჩები ვერ ხედავენ. მათი თვალთახედვის არეალში არ არის, არც ამერიკასთან გაწყვეტილ სტრატეგიული პარტნიორობა, არც ფორმალურად, ფურცელზე შემორჩენილი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და არც უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე. თბილისში შეკრებილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აკრედიტებული ქართველი დიპლომატები დღეს ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი კარგად მიდის და 2025 წელი არაჩვეულებრივი იყო.

თბილისში ელჩების კონფერენციას, ესწრებოდა საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვატო მახარობლიშვილი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად არც ერთი დღეს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხების გასაცემად არ გამოჩენილა. ვინც მედიის კითხვებზე საპასუხოდ გამოჩნდა, კრიტიკული კითხვების მოსმენისთანავე გაიქცა.

მმართველი პარტიის სანქცირებული ლიდერი ივანიშვილი, სანქცირებული ხალხი მთავრობაში და პოლიციაში, სანქცირებული დეპუტატები პარლამენტში. დიპლომატები, რომლებიც "ოცნების" საგარეო პოლიტიკას ემხრობიან, ამ თემებზე საუბარს ირიდებენ. დღეს ჩვენ დეპუტატს იმ ყალბი ამბების შესახებ ვკითხეთ, რომელსაც "ქართული ოცნება" ხალხს თავს ახვევს.

ივანიშვილის გუნდი პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს. არც შეჩერებულ ევროინტეგრაციაზე და არც ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე.

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის ანგარიშის შემდეგ წესით განგაშის სიგნალს უნდა რთავდეს. ეს დოკუმენტი პირდაპირი გაფრთხილება იყო იმისა, რომ "ოცნების" ჩინოვნიკების დასანქცირების შედმეგ, შემდეგი სამიზნე ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება იქნება. ამ დროს, მაკა ბოჭორიშვილი არც კამერების წინ მალავს, რომ ეს საკითხი არ ადარდებთ. "ქართული ოცნების" არაღიარება დიპლომატებზეც აისახა. უფუნქციოდ დარჩენილი დიპლომატები, ვეღარც შეხვედრების ორგანიზებას ახერხებენ და იმის სადემონსტრაციოდ, რომ უსაქმოდ არ არიან, უმეტესობა, სოციალურ ქსელში დიასპორის წარმომადგენლებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები