ბაგა-ბაღებიდან მოპარული ფულის საქმე - გამოკითხულია თუ არა კახა კალაძე?
"ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების გამოყოფილ ფულს იპარავდნენ - დღეს პროკურატურამ დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში თბილისის მერიაში მასშტაბური კორუფციული სქემა მუშაობდა, ამ დროს კი მერი კალაძე იყო.
- პროკურატურის ინფორმაციით, სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
დღეს "პირველებმა" კალაძეს ჰკითხა, იცოდა თუ არა ლილუაშვილ-გვანცელაძის დანაშაულებრივი კავშირების შესახებ და გამოკითხულია თუ არა ბაგა-ბაღებიდან მოპარული ფულის საქმეზე - თბილისის მერმა ამ კონკრეტულ კითხვას თავი აარიდა და თქვა მხოლოდ ის, რომ ყველა კითხვაზე გამოძიება გასცემს შესაბამის პასუხს.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას, კალაძე ამბობს, რომ "სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს".
იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რაც მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან. გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ზოგადად, მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ეს მთელ მსოფლიოში გამოწვევაა და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შებამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, შესაბამისი მოქმედებები ჩატარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"პირველებმა" კალაძეს დღეს ჰკითხა მისი ყოფილი მოადგილის, ირაკლი ხმალაძის შესახებაც, თუ სად იმყოფება ის, თუმცა, თბილისის მერმა კითხვას არ უპასუხა.
რაც შეეხება კახა გვანცელაძეს, ის ამერიკაშია. მან ქვეყანა 2023 წელს დატოვა. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობიდან წავიდა. მაშინ თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დატოვების ოფიციალურ მიზეზად ჯანმრტელობსი პრიობლემები დასახელდა.
ასევე ნახეთ: