"კალაძე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა" - კორუფციის მკვლევარები საბავშვო ბაღების კვებიდან მოპარული ფულის სკანდალზე

23.12.25 18:28
"კალაძე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა" - კორუფციის მკვლევარები საბავშვო ბაღების კვებიდან მოპარული ფულის სკანდალზე

კორუფციის მკვლევარებს არ სჯერათ, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვებიდან  ფულს ისე იპარავდნენ, რომ თბილისის მერმა არაფერი იცოდა. "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ კალაძე ან ვერ აკონტროლებს საკუთარ უწყებას, ან კორუფციულ სქემაში თავადაც იყო ჩართული. მისი თქმით, მომხდარი ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს ყველა იმ ბრალდებას, რომელიც კალაძის უწყების მიმართ ისმოდა. 

შეუძლებელია, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას გაურბოდეს თბილისის მერი, რომელიც, ორი ვარიანტია: ან არის სრული დოყლაპია და ვერ აკონტროლებს ვერაფერს მის უწყებაში, მის ცხვირწინ ბავშვების ფულს იპარავენ, იპარავს სუსის ხელმძღვანელი და მას არ შეუძლია, ეს დააფიქსიროს და აღმოაჩინოს, ან ისიც თავად ჩართულია ამ ან სხვა სფეროებიდან ატკატების და ფულის აღებაში და სწორედ ამიტომ ის დუმს.

ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურს ხდის და კიდევ უფრო ამტკიცებს ყველა იმ სხვა ბრალდებას, რომელიც კალაძის უწყების მიმართ ისმის, ხომ არ აქვს ადგილი ასეულობით მილიონი ლარის თუ ქონების ატკატებს მშენებლობების ნებართვები, რომელიც აშკარად შეუსაბამო ადგილებში გაიცემა, მართლაც მოპარული იყო თუ არა 60 მლნ ლარი ავტობუსების შეძენისას, - ამბობს "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე.

ამავე აზრს იზიარებს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძეც.  

როგორც სჩვევია, კალაძე დაიწყებს იმას, რომ მან არაფერი იცის და ეს არის ზუსტად საგანგაშო, რომ ქალაქის მერი ვერ აკონტროლებს მის სტრუქტურულ ერთეულებში რა ხდება. კარგ შემთხვევაში ვერ აკონრტოლებს და თუ ვერ აკონტროლებს, მაშინ უნდა წაიდეს თანამდებობიდან. თუ იცოდა და თვალს ხუჭავდა, ეს ნიშნავს, რომ იღებდა სარგებელს თუ არ იღებდა, კორუფციაშია ჩართული. ადამიანი, რომელიც სარგებელს არ იღებს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კორუფცია არ შეჩერდეს, ისიც არის კორუმპირებული, - ამბობს ბესიკ დონაძე.  

პროკურატურის ინფორმაციით, სუს-ის ექს-შეფი  თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.

ასევე ნახეთ: