ბიზნესრეკეტი და მასშტაბური კორუფციული სქემები - რა მტკიცებულებები დევს სუსის ექსშეფის წინააღმდეგ საქმეში

23.12.25 20:06
ბიზნესრეკეტი და მასშტაბური კორუფციული სქემები - რა მტკიცებულებები დევს სუსის ექსშეფის წინააღმდეგ საქმეში

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა უწყებიდან დაკავებულის სტატუსით გამოიყვანეს და პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე სანდო პირად მიჩნეული ლილუაშვილი მთავარ საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად დაახლოებით 10:30 საათზე გამოჩნდა. მის მისვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე პროკურატურამ ბრიფინგი დააანონსა.

პროკურატურაში შესვლამდე მიცემულ ბოლო ინტერვიუში ლილუაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მისით პირველად დაინტერესდა და მომხდარს „ღმერთს მიანდობდა“.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდისა და თაღლითური ქოლცენტრების მფარველობის საქმეზე დააკავეს.

პროკურატურამ ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაზეც წლების განმავლობაში საუბრობდნენ კრიტიკული მედია, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები - რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანა ჩართული იყო ტრანსნაციონალურ თაღლითურ სქემებში, მათ შორის ევროპელი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედ ქოლცენტრების მფარველობაში.

გენერალური პროკურორის განცხადებით, გამოძიება ასევე ადგენს, რომ ლილუაშვილი მონაწილეობდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ტენდერებთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებში. საუბარია ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვებზე, საიდანაც, გამოძიების ვერსიით, იგი „ატკატებს“ იღებდა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება იმ ფინანსებს, რომლებიც საბავშვო ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ბავშვების კვებას უნდა მოხმარებოდა. შესაბამისად, გამოძიება ამტკიცებს, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი მონაწილეობდა როგორც საერთაშორისო თაღლითობაში, ისე სოციალური სფეროს, მათ შორის ბავშვთა საჭიროებებისთვის განკუთვნილი სახსრების მითვისებაში.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.