ქოლცენტრების სკანდალი და თავისუფალი მედიის დისკრედიტაციის მცდელობა - კითხვები, რომლებზეც პროკურატურა არ პასუხობს

23.12.25 20:35
ქოლცენტრების სკანდალი და თავისუფალი მედიის დისკრედიტაციის მცდელობა - კითხვები, რომლებზეც პროკურატურა არ პასუხობს

ვინ მფარველობდა თაღლითურ ქოლცენტრებს წლების განმავლობაში და რატომ არ არსებობს ამ დრომდე პასუხები? გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებამ ეს კითხვები კიდევ უფრო გაამწვავა, რადგან მიუხედავად გახმაურებული საქმისა, ქვეყანაში არაერთი ქოლცენტრი კვლავ აგრძელებს საქმიანობას.

ე.წ. სკამერების სქემის დეტალური გაშიფვრიდან უკვე ცხრა თვე გავიდა. გამოძიება ოფიციალურად დაწყებულია, თუმცა პროკურატურას ამ დრომდე არ დაუსახელებია, ვინ იდგა თაღლითური ქსელების უკან და ვინ უზრუნველყოფდა მათ დაცვას.

საერთაშორისო და ადგილობრივმა მედიამ ერთობლივად დაადგინა, რომ თბილისის ცენტრში მოქმედ ოფისებში თაღლითები გამოგონილი სახელებით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდნენ. ერთ-ერთი ასეთი ოფისი სუს-ის შენობიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს სისტემურ მფარველობაზე.

საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფების მონაცემებით, მხოლოდ ერთმა ქოლცენტრმა, ე.წ. „ეი ქეი ჯგუფმა“, უცხოელ პენსიონერებს დაახლოებით 35 მილიონი დოლარი მოპარა. თაღლითური სქემით მიღებულ ქონებას ყადაღა დაედო, თუმცა მხოლოდ დროებით, რის გამოც კვლავ ჩნდება კითხვა, ვისი დაცვის ქვეშ აგრძელებდნენ ქოლცენტრები მუშაობას თბილისის ცენტრში.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად აღიარა, რომ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ქრთამს იღებდა ქოლცენტრების მფარველობის სანაცვლოდ. ამასთან, პროკურატურაში გაკეთდა განცხადება, თითქოს თავისუფალი მედია ამ ფაქტებს მალავდა.

თუმცა ტელევიზიების არქივებში დაცულია არაერთი მასალა, სადაც კრიტიკული მედია ლილუაშვილს ქოლცენტრების საქმეში შესაძლო როლზე პირდაპირ მიუთითებდა. სამი წლის წინ სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა „ფორმულასა“ და „მთავარ არხს“ ცილისწამებისთვის უჩივლა, რის საფუძველზეც განაცხადა, რომ სულიერი ტკივილი მიიღო.

საქმე ყველა ინსტანციაში დაჩქარებული წესით განიხილეს და საბოლოოდ ლილუაშვილმა დამოუკიდებელ მედიას მოუგო, მაშინ როცა დღეს იგივე ბრალდებები უკვე გამოძიების ოფიციალური ვერსიის ნაწილი გახდა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.