როგორ იპარავდნენ საბავშვო ბაღის ბავშვების ფულს - მივა თუ არა გამოძიება კალაძემდე
კახა კალაძე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას დღეს მხოლოდ მიესალმა და კორუფციულ სკანდალზე დამატებითი კომენტარი არ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ლილუაშვილს ბავშვთა ბაღებში კვებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში მონაწილეობას ედავება, დედაქალაქის მერს ამ საკითხზე განმარტებები არ გაუკეთებია.
პროკურატურის ვერსიით, გამოძიება იკვლევს კორუფციულ სქემას, რომელშიც მონაწილეობდნენ გრიგოლ ლილუაშვილი, თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და მერიის თანამშრომლები. საუბარია იმ თანხებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საჯარო ბაღებში ბავშვების უფასო კვებისთვის გამოიყოფოდა.
გამოძიების მიხედვით, სქემა შემდეგნაირად მუშაობდა: სახელმწიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან თანხას გამოყოფდა ბაღებში კვების უზრუნველსაყოფად. ბაღების სააგენტო საკვები პროდუქტების მიწოდებაზე ხელშეკრულებებს წინასწარ შეთანხმებული პირობებით აფორმებდა. სანაცვლოდ, კერძო კომპანიები სააგენტოს ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძეს, წილს უხდიდნენ იმ თანხებიდან, რომლებიც ბავშვების კვებას უნდა მოხმარებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული სქემა სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელის გამოსაძიებელი იყო. თუმცა, ბრალდების ვერსიით, ლილუაშვილი ქრთამს იღებდა იმის სანაცვლოდ, რომ გვანცელაძისთვის ხელი დაეფარებინა. შედეგად, ბავშვების კვებისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი თავად ლილუაშვილამდეც მიდიოდა.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა - სად იყო თბილისის მერი იმ პერიოდში, როდესაც მერიის დაქვემდებარებულ სტრუქტურაში, ბაღების სააგენტოში, კორუფციული სქემები მოქმედებდა. ბაღების სააგენტოს საქმიანობაზე პირველ რიგში სწორედ თბილისის მთავრობა ახორციელებს ზედამხედველობას.
კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ ამ საქმეში პასუხისმგებლობას ქალაქის ხელმძღვანელობა ვერ აირიდებს და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი გარდაუვლად დადგება.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.