გახდება თუ არა პროცედურული დარღვევები სინდისის პატიმრების გათავისუფლების საფუძველი? - რა დაადგინა ომბუდსმენმა
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ სახალხო დამცველმა სინდისის პატიმრების საქმეებში პროცედურული დარღვევები გამოავლინა. ომბუდსმენი ლევან იოსელიანი ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილისა და ვეფხია კასრაძის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართვას გეგმავს და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მათთვის დაკისრებული სასჯელის შეცვლას მოითხოვს.
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, საქმეებში იკვეთება არასაკმარისი მტკიცებულებები, პროცედურული დარღვევებით მოპოვებული მტკიცებულებები და არასწორად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ეს მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებისა, რომლებიც ომბუდსმენის მიერ ჩატარებულმა შესწავლამ გამოავლინა.
ამ ეტაპზე მთავარი კითხვაა, რამდენად იქცევა ეს დასკვნა რეალურ სამართლებრივ შედეგებად და გახდება თუ არა გამამართლებელი განაჩენის საფუძველი.
პროცედურული დარღვევები აღმოჩენილია იმ მსჯავრდებულების საქმეებში, ვისაც პროკურატურა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება. ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს ორ წელიწად-ნახევარი აქვთ მისჯილი. მათ საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლო განხილვა ხვალიდან იწყება.
ამ ფონზე უფლებადამცველები სვამენ კითხვას, რატომ დასჭირდა სახალხო დამცველს ერთი წელი მსგავსი დასკვნის გამოსატანად, მაშინ, როდესაც ადვოკატები არასაკმარის მტკიცებულებებზე დაკავების პირველივე დღიდან მიუთითებდნენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.