ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ფრონტით თუ მოვლენების ყურება საკნიდან - გადაიხდის თუ არა ზურა ჯაფარიძე გირაოს

23.12.25 20:58
ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ფრონტით თუ მოვლენების ყურება საკნიდან - გადაიხდის თუ არა ზურა ჯაფარიძე გირაოს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე აქვს - გადაიხდის თუ არა 30 ათას ლარიან გირაოს, თუ წინასწარ პატიმრობაში აღმოჩნდება. პროკურატურამ მის მიმართ პასპორტის ჩამორთმევის და გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება გათავისუფლებიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ახალ საქმეზე მიიღო.

თავად ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული პროცედურების მიზეზი მისი პოლიტიკური აქტიურობაა. მას ჰქონდა ვადა ქვეყნის დასატოვებლად, თუმცა საქართველოდან წასვლაზე უარი თქვა და დარჩენა და ბრძოლა არჩია.

„ქართული ოცნების“ ლიდერების შესაძლო სანქცირების საქმეზე, ე.წ. ივანიშვილის სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ედავება.

საქმის მასალების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ჯაფარიძემ ცხრა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა თხოვნით, დაიწყებულიყო მოკვლევა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესაძლო ფაქტებზე, პროკურატურიდან მას რამდენიმე საათში დაუკავშირდნენ და სასამართლოში დაიბარეს.

ამ ფონზე ოპოზიციაში მსჯელობენ, რა არჩევანი აქვს პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც, მათი შეფასებით, რეპრესიების წინაშე დგანან - გაჩუმება თუ წინააღმდეგობის გაგრძელება.

დღეს ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის კადრები „ტვ პირველმა“ გადაიღო. არსებული ინფორმაციით, ჯაფარიძე ასევე გეგმავს შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება და გირაოს გადაუხდელობის გამო ციხეში წასვლა შეცდომა იქნება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.