მაღალი ფასების საქმე: რომელი სუპერმარკეტები იღებენ ყველაზე დიდ მოგებას

24.12.25 11:58
მაღალი ფასების საქმე: რომელი სუპერმარკეტები იღებენ ყველაზე დიდ მოგებას

მაღალი ფასების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი კობახიძე-ის განცხადების შემდეგ, „პირველები“ დაინტერესდა, რომელ ქსელურ სუპერმარკეტებზე შეიძლება მიანიშნებდეს „ქართული ოცნების“ პრემიერი.

გამოცემა Forbes-ის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალ მოგებას საქართველოში რამდენიმე მსხვილი ქსელი იღებს. მათ შორისაა „ორი ნაბიჯი“, რომლის მოგება 68 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მოგების მარჟა 6%-ია. „ნიკორას“ მოგება 34 მილიონი ლარია, მოგების მარჟა - 2.93%. მაღალი მაჩვენებელი აქვს „აგროჰაბსაც“, სადაც მოგების მარჟა 8.14%-ს აღწევს. ჩამონათვალშია ასევე „ფრესკო“.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია კახა ბექაური, რომელიც ამავე დროს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი „ორი ნაბიჯიდან“ სწორედ ბექაურმა მიიღო. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ მის და მისი მეუღლის საკუთრებაშია 21 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი და არაერთი არასაცხოვრებელი ფართი.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპულ ბაზართან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების ქსელების მაღალი ფასნამატი და მოგების მარჟები განაპირობებს.

"ოცნების" პრემიერის თქმით, ფასების შემცირების მიზნით დაიწყებს აქტიურ მუშაობას სადისტრიბუციო კომპანიებსა და სუპერმარკეტების ქსელებთან, პარალელურად კი განიხილავს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებას და სამართალდამცავი უწყებების ჩართვას შესაძლო სამართლებრივი დარღვევების გამოსავლენად.