"ოცნება" ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაფინანსებას ზრდის - რას ამბობენ ექსპერტები
საქართველოს განვითარების ფონდი ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 8 მილიონ 200 ათასი დოლარით დააფინანსებს. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროექტში მხოლოდ 5 მილიონ დოლარს შეადგენდა, ახლა კი დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება.
ამ ფონზე სპეციალისტები სვამენ კითხვას: რა ინტერესები გააჩნია "ქართულ ოცნებას" ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაში, რომლის მიმართაც ისედაც არაერთი კითხვა არსებობს.
"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე პირდაპირ ამბობს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური კავშირი, რომელსაც "ოცნება" რუსეთთან აბამს, სარისკოა და შესაძლოა ქვეყნისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს.
აბესაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ქარხნით სახელმწიფოს დაინტერესება, შესაძლოა რუსეთის ინტერესებთან იყოს კავშირში.
ნათელია ჯერჯერობით, რომ ის ძირითადად რუსულ ნავთობს მოემსახურება. ჩვენ ვნახეთ იქ რუსნეფტისგან შესული ნავთობი, რომელიც შემდგომ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირდა. ანუ ნებისმიერი ეკონომიკური კავშირი, რომელსაც ჩვენ ახლა ვაბამთ რუსეთთან, არის სარისკო და ქართული ეკონომიკისთვის და ქართული ბაზრისთვის დამაზიანებელი და რეპუტაციის შემლახველი.
საინტერესოა, რა ტიპის ინვესტორებს გვთავაზობს სახელმწიფო. ინვესტორებს, რომელიც აღმოჩნდა, რომ საბოლოო ჯამში, მოდიან და კვლავ სახელმწიფო ფინანსების გამოყენებით აპირებენ, საკუთარი პროექტების დიდწილად განოხორციელებას. თუ კონკრეტულ პროექტს ავიღებთ და ავიღებთ ჩვენი ხელისუფლების კოლაბორანტულ დამოკიდებულებას რუსეთთან, მაშინ ნათელია, რომ მათი ასეთი დაინტერესება და ჩართულობა ამ პროექტის განხორციელებაში, მათ შორის შეიძლება, უკავშირდებოდეს რუსეთის ინტერესს, გამოიყენოს ეს კონკრეტული ქარხანა შემდგომ საკუთარი ინტერესებისთვის, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს კორუფციის მკვლევარს ბესიკ დონაძესაც, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფოს ასეთი აქტიური ჩართულობა ყულევის ტერმინალში გაუგებარია და დამატებით ეჭვებს აჩენს.
მაშინ, როდესაც სახელმწიფოს არანაირი წილი არ აქვს და არანაირ წილში არ არის სახელმწიფო, რომ იქ, ტერმინალში მოგების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა შემოვიდეს, უბრალოდ, აუხსნელია გარდა სხვა ინტერესებისა, რატომ უნდა იყოს სახელმწიფო ყულევის ტერმინალში ასე აქტიურად ჩართული მის მუშაობაში. არ არის გასაჯაროვებული სახელმწიფოსა და ყულევის ტერმინალს შორის ურთიერთობა ანუ რა წერია იმ ხელშეკრულებაში, რა ხელშეკრულებაც აქვთ დადებული. რეალურად, ყულევის ფუნქცია არის რუსული ნავთობის ევროპაში გატანა, ეს არის მათი ძირითადი საქმიანობა. ეს ნავთობი რა გზებით მოხვდება ყულევის ტერმინალში, სხვადასხვა კომპანიებით, სანქცირებული კომპანიები გადაყიდიან მესამე კომპანიებზე თუ როგორ გაკეთდება, ამას პერიოდულად ვნახავთ, - ამბობს ბესიკ დონაძე.
ქარხანა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ორი თვის წინ ყულევში პირველი რუსული ნავთობი შემოვიდა. მალევე გაირკვა, რომ ნავთობის გადამზიდავი ტანკერი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და ის დაასანქცირეს.
შემდგომში კი თავად ოპერატორი კომპანია „რუსნეფტი“ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.