რატომ ძვირდება სურსათი - დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიზეზებზე საუბრობს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე აცხადებს, რომ სურსათის ფასებზე ნეგატიურ გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს, მათ შორის, დამატებითი რეგულაციები და ხარჯები, რომლებიც ბიზნესს ეკისრება.
რიჟამაძის შეფასებით, სწორედ ტრანსპორტირების შეზღუდვები, ქსელებში შესვლის სხვადასხვა გადასახადი და სუპერმარკეტების მხრიდან დაწესებული საფასო მექანიზმები ზრდის საბოლოოდ იმ ფასს, რომელსაც მომხმარებელი პროდუქტის შეძენისას იხდის, რაც "ოცნების" ხელისუფლების მიერ დაანონსებული „ფასების რეგულირების“ ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ბევრი ფაქტორია, რაც საბოლოოდ, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ფასზე, მათ შორის ნებისმიერი ტიპის რეგულირება, რაც შემოდის და დამატებით აწვება ბიზნესს და ეს საბოლოოდ ისახება ფასში. ერთ-ერთ მაგალითად ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგალითად, გაბარიტულ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც ჩენ ვითხოვდით, რომ სურსათის ნაწილში ყოფილიყო საგამონაკლისო და ეს მნიშვნელოვანი ტვირთი იქნებოდა, რომელმაც გარკვეული მაჩვენებლით ის ფასი გაზარდა, რა ფასითაც მომხმარებელს ხვდებოდა თაროზე.
სადისტრიბუციო კომპანია იძულებულია, რომ ფასნამატი ჰქონდეს მაღალი, იმიტომ, რომ ის ფიზიკურად ვერ მოხვდება ქსელში, ის ფიზიკურად დატივებს ქსელს თუ არ გადაიხდის გარკვეული ტიპის გადასახადს. არის როგორც შესვლის გადასახადი, გვაქვს ახალი მაღაზიის გახსნის საფასური, გვაქვს რეტრობონუსი, ქეშბექი, თაროზ გადასახადი დამატებით. ანუ, ეს ყველაფერი საბოლოოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ფასზე, - ამბობს ლაშა რიჟამაძე.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპულ ბაზართან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების ქსელების მაღალი ფასნამატი და მოგების მარჟები განაპირობებს.
"ოცნების" პრემიერის თქმით, ფასების შემცირების მიზნით დაიწყებს აქტიურ მუშაობას სადისტრიბუციო კომპანიებსა და სუპერმარკეტების ქსელებთან, პარალელურად კი განიხილავს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებას და სამართალდამცავი უწყებების ჩართვას შესაძლო სამართლებრივი დარღვევების გამოსავლენად.