"მალე "ოცნება" კონკრეტულ უბანში კონკრეტული [მაღაზიათა] ქსელების არსებობას აკრძალავს. ამით დაიწყო კომუნისტურმა პარტიამ" - ხიშტოვანი

24.12.25 18:43
"მალე "ოცნება" კონკრეტულ უბანში კონკრეტული [მაღაზიათა] ქსელების არსებობას აკრძალავს. ამით დაიწყო კომუნისტურმა პარტიამ" - ხიშტოვანი

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ერთპარტიული დიქტატურა მყარდება, ის დამყარდება ეკონომიკაშიც.

გიორგი ხიშტოვანი სასურსათო პოლიტიკასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მალე შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" კონკრეტული მაღაზიათა ქსელების არსებობა აკრძალოს. 

მისი თქმით, 20-იანი წლების ბოლოს კომუნისტურმა პარტიამაც ასევე დაიწყო, რის გამოც საბოლოოდ ცარიელი მარკეტები და ცარიელი აფთიაქები მივიღეთ. 

თუ ქვეყანაში მყარდება პოლიტიკური ერთპარტიული დიქტატურა, ის დამყარდება ეკონომიკაშიც. ანუ ეკონომიკური პრობლემებიც "ქართული ოცნება" აპირებს ისევე მოაგვაროს, როგორც აგვარებს პოლიტიკურ პრობლემებს. რომ ვამბობთ, რომ პრობლემა არ არის მარა აკრძალოს პარტია, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ მალე ის აკრძალავს კონკრეტული [მაღაზიათა] ქსელების არსებობას კონკრეტულ უბნებში. 

ამით დაიწყო კომუნისტურმა პარტიამ 20-იანების ბოლოს, თორემ მანამდე კომუნისტური პარტიაც აღიარებდა საბაზრო პრინციპებს. ბოლოს მივიღეთ ჩვენ ცარიელი მარკეტები, ცარიელი აფთიაქები," - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ანაცხადა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპულ ბაზართან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების ქსელების მაღალი ფასნამატი და მოგების მარჟები განაპირობებს.

"ოცნების" პრემიერის თქმით, ფასების შემცირების მიზნით დაიწყებს აქტიურ მუშაობას სადისტრიბუციო კომპანიებსა და სუპერმარკეტების ქსელებთან, პარალელურად კი განიხილავს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებას და სამართალდამცავი უწყებების ჩართვას შესაძლო სამართლებრივი დარღვევების გამოსავლენად.