სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირება - რას ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობახიძის განცხადებაზე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
ის დარწმუნებულია, რომ "ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციური მოლოდინების უკეთ მართვასა და დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებაში".
ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ეს ეროვნული ბანკის საზრუნავია, ჩვენ ამისთვის კონკრეტული ბერკეტი გაგვაჩნია და ეს არის საპროცენტო განაკვეთი. აღნიშნულის მართვით კი, ვცდილობთ ზეგავლენა მოვახდინოთ ინფლაციაზე და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივის ირგვლივ ვიქონიოთ.
როგორიც არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული პოლიტიკა მხოლოდ ამ ბერკეტით შესაძლოა გაჭირდეს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება თუკი ჩვენი მცირე ზომის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში კონკურენცია დაირღვევა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციური მოლოდინების უკეთ მართვასა და დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებაში. ეს არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან, არსებობს შესაბამისი დირექტივები. ეს არ ნიშნავს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას. მთავრობის ვალდებულებაა, რომ იქ სადაც არსებობს ეჭვი სამართლიანი კონკურენციის დარღვევის, კარტერული გარიგებებისა, თუ არალოგიკური ფასნამატების მიმართულებით, - აუცილებელია ქმედება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპულ ბაზართან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია, რასაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების ქსელების მაღალი ფასნამატი და მოგების მარჟები განაპირობებს.
"ოცნების" პრემიერის თქმით, ფასების შემცირების მიზნით დაიწყებს აქტიურ მუშაობას სადისტრიბუციო კომპანიებსა და სუპერმარკეტების ქსელებთან, პარალელურად კი განიხილავს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებას და სამართალდამცავი უწყებების ჩართვას შესაძლო სამართლებრივი დარღვევების გამოსავლენად.