"უსამართლო ტყვეობის გამო თვეებია მოწყვეტილი ვარ საკუთარ შვილებთან ყოფნის უფლებას" - ვახო ფიცხელაური
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული აქტივისტი, ვახო ფიცხელაური ციხიდან წერილს ავრცელებს.
აქტივისტის თქმით, "უსამართლო ტყვეობის გამო თვეებია მოწყვეტილი ვარ საკუთარ შვილებთან ყოფნის უფლებას".
მოგესალმებით თანამებრძოლებო, საკნიდან პროცესების ყურება ძნელია,რადგან მუდმივად გაქვს დანაკლისის შეგრძნება, რომ არ ხარ იქ სადაც სამშობლოს და შენს მეგობრებს სჭირდები. გარკვეულწილად ციხესაც ჰქონია ეგ დატვირთვა, მაგრამ გარეთ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებ, ვიდრე ოთხ კედელს შორის. ამიტომ დიდი იმედით და პატივისცემით გადევნებთ თვალყურს მათ ვინც გარეთ ხართ და იბრძვით. ვიცი რა რთულ გზასაც გადიხართ. ამიტომ მინდა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გადმოგცეთ ყველას. მახარებს ზურას თავისუფლება, მასევდიანებს უსამართლო დაჭერები, მამა დოროთეს და ილიას შევიწროება და კიდევ ბევრი რამ. აქ ამაზე აღარ მოგაცდენთ .
29 დეკემბერს 12:30 საათზე გორის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გერგაული განიხილავს საქმეს, რომელიც სისტემამ დამატებით გამოიგონა ჩემს წინააღმდეგ .
ასევე ძალიან რთული ყოფილა საყვარელი ადამიანების მონატრება. ყოველ წამს მათზე ფიქრობ და ცდილობ გამოარკვიო როგორ დაეხმარო. აქაც იმიტომ ვარ, რომ ჩემმა შვილებმა თქვენს შვილებთან ერთად უსაფრთხო, სამართლებრივ, ერთიან, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვრონ.
საქართველოში ,რომელიც იქნება ევროპული ოჯახის წევრი. ოჯახის,სადაც ბავშვები არ შიმშილობენ და გაურკვეველი სენით არ ავადდებიან . არც სისტემა კლავს ,ისე როგორც ლუკა სირაძე მოკლა და მის გარდა კიდევ ბევრი.
ამიტომ ერთად უნდა შევქმნათ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო.უსამართლო ტყვეობის გამო თვეებია მოწყვეტილი ვარ საკუთარ შვილებთან ყოფნის უფლებას. მათი უფლებაც ირღვევა ,რადგან ლუკას და თომას ჰგონიათ რომ არ მენატრება, ჰგონიათ რომ მოვკვდი. ასევე გამოვტოვე მისი პირველი ღონისძიება და ამის დაკომპენსირება მხოლოდ სიმართლის გამარჯვებით მოხერხდება.
ხოდა გავიმარჯვებთ. უსამართლო ტყვეობის გამო ვერ გავაცილე პაპა უკანასკნელ გზაზე და მოვა დრო,როცა ამაზე პასუხი მოეთხოვებათ. უსამართლო ტყვეობაზე. ძალიან მალე მოვა თან“, - წერს ვახო ფიცხელაური.
წერილს "ბათუმელები" ავრცელებს.