ტროტუარის პროტესტის საქმეზე გადაწყვეტილება 9 იანვარს გამოცხადდება
ტროტუარზე პროტესტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 9 იანვრამდე გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
9 იანვრს გაირკვევა, ცნობენ თუ არა სამართალდამრღვევად 24 წლის ანი ახმეტელს და შეუფარდებენ თუ არა ქალს ადმინისტრაციულ პატიმრობას.
საპროტესტო აქციის დროს ტროტუარზე დგომის გამო სასამართლოში დაბარებული ანი ახმეტელის ადვოკატმა მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილების შუამდგომლობა დააყენა.
სანქცირებული მოსამართლის ნდობა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას - ვითხოვთ, მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილებას,- თქვა მალხაზ პატარაიამ.
გარდა ამისა, ადვოკატმა საქმის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემის შუამდგომლობაც დააყენა.
სასამართლო პროცესზე შსს-ს თეონა დემურხანაშვილი და თინათინ კაჭკაჭიშვილი წარმოადგენენ.
„თქვენ არაერთი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეთ არაერთ სასამართლო პროცესზე, შესაბამისად, შუამდგომლობას ვერ დავაკმაყოფილებთ. კონკრეტული ქვეყანა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ვერ იქნება რომელიმე მოსამართლის აცილების საფუძველი“,- განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა თინათინ კაჭკაჭიშვილმა.
რაც შეეხება, თავად მოსამართლის პოზიციას, მან მისი აცილების შესახებ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემის თაობაზე.
ზვიად ცეკვავამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომელიც ანი ახმეტელის დის ჯანმრთელობას ეხებოდა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, ანი ახმეტელს ჰყავს არასრულწლოვანი და, შშმ პირი, რომელზეც ანი ახმეტელი ზრუნავს. ადვოკატმა ამის თაობაზე შესაბამისი სამედიცინო ცნობაც წარმოადგინა, რომელიც სასამართლომ საქმეს დაურთო.