გახარიას პარტია სურსათის ფასებზე „ოცნების“ პარლამენტის კომისიის მუშაობაში ჩაერთვება

25.12.25 15:37
გახარიას პარტია სურსათის ფასებზე „ოცნების“ პარლამენტის კომისიის მუშაობაში ჩაერთვება

გიორგი გახარიას პარტია იმ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება, რომლის შექმნასაც „ქართული ოცნება“ სურსათის ფასებზე მოსაკვლევად გეგმავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით,  „მთავრობას არ მისცემენ საშუალებას, ერთმა ქსელურმა მარკეტმა მთავრობა და სუსი გამოიყენოს მეორე ქსელური მარკეტის ჩასაძირად“.

„აუცილებლად მივიღებთ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. არა მარტო სურსათზე როგორ ხდება ფასის დადგენა, არამედ საწვავზე როგორ დგება ფასი, ვის შემოაქვს საწვავი, ვინ არის ელექტროენერგიის იმპორტიორი, ვის შემოაქვს გაზი, ხორბალი, როგორ ხდება პურის ფასის დადგენა, რამდენია დღგ, იმპორტის გადასახადი. რადგან გაიხსნა ეს საკითხები, ჩვენ ამაში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას“. – თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სურსათის ფასების თემაზე კომისიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სამომხმარებლო ფასები ევროპულზე 86%-ით მეტია და ეჭვი გამოთქვა, რომ დისტრიბუტორი კომპანიები და მარკეტები შესაძლოა კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

მოგვიანებით შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ პარლამენტი კომისიას შექმნის და სურსათის ფასების ფორმირების პროცესს საჯაროდ შეისწავლის.