მაღალი ფასების საქმე - როგორ ხსნის კალაძე გამოძიების დაწყებას

25.12.25 16:29
მაღალი ფასების საქმე - როგორ ხსნის კალაძე გამოძიების დაწყებას

მაღალი ფასების საქმეზე გამოძიების დაწყებას კახა კალაძე "მოსახლეობაზე ზრუნვით ხსნის". ამტკიცებს, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების დარეგულირება "ოცნების" პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია, გაირკვეს, რა იწვევს მათ გაძვირებას.

ფასების რეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. შედარებებს თუ გავაკეთებთ, საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე არის გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე, მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ეს ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭიროა ამის დარეგულირება, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, აისახება ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და თანადგომა სჭირდება. ამის დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ და ეს საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება. არის ბევრი ქვეყანა, სადაც გაკეთებულია სპეციალური კალათა ისეთი პროდუქტების, როგორიცაა, პირობითად, ფქვილი, ზეთი და მათი ფასი მითითებულზე ზევით არ უნდა იყოს. მოდი, დაველოდოთ მოკვლევას, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ფასები ძალიან განსხვავებული. იმედი მაქვს, ყველაფერი დარეგულირდება და მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ საკითხზე კრიტიკულ მოსაზრებებს კალაძე მიუღებლად მიიჩნევს და  ოპონენტებს "მოღალატეებს" და "ქვეყნის მტრებს" უწოდებს. 

თუ დააკვირდებით მათ ქმედებებს, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი ხდება ქვეყანაში, ქვეყნის წინგადადგმულ ყველა ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან. პირიქით, დარბიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების და ქვეყნის სანქციების მოთხოვნას აყენებენ.

ამას კი არ მალავენ, ღიად საუბრობენ და ამაყობენ, რომ ქვეყანას ებრძვიან. პირდაპირ ღალატს სჩადიან. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული, თავიანთი მესიჯბოქსით, განცხადებებით. კანდიდატის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში კაბინეტებში დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ა.შ. ჩვეულებრივი მოღალატეები და ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან - რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.

გუშინვე აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.