ჯამური ფასნამატი არის 86%, საქართველოს საზღვრიდან დახლამდე - ირაკლი კობახიძე

25.12.25 17:33
ჯამური ფასნამატი არის 86%, საქართველოს საზღვრიდან დახლამდე - ირაკლი კობახიძე

ჯამური ფასნამატი არის 86% - საქართველოს საზღვრიდან დახლამდე - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მთავრობა აპირებს, იმუშავოს როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან

ჩვენ დავიანგარიშეთ როგორია ფასნამატი, სად წარმოიქმნება ეს ფასნამატი. ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას. უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულ შედეგებს. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამის გამო მივმართე ერთი მხრივ, სამართალდამცვე სტრუქტურებს, მეორე მხრივ, ვთხოვე საქართველოს პარლამენტს, გამოეყენებინა საკუთარი ბერკეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადდება სიღრმისეული დასკვნა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ფასების შემცირებას იმ პროცესების საფუძველზე, რომელიც მალე დაიწყება და მალევე  უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვიდრე "ქართული ოცნება" სურსათის ფასების რეგულირებაზე დაიწყებდა საუბარს, მას ბიზნესთან ამ საკითხზე არ უსაუბრია, მათ შორის, არც დახურული ფორმატის შეხვედრებზე.

"ბიზნესთან ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია. ცოტა ხნის წინ ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს, მოემზადებინათ დეტალური შეფასება, მათ ეს მოამზადეს და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, გამოიკვლიონ ხომ არ არის ფასნამატებში დანაშაულის ნიშნები. ასევე, პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა.