ჯარის ძარცვის საქმე - რა ინფორმაციის მატარებელია ბრალდებულების ტელეფონები?

25.12.25 17:49
ჯარის ძარცვის საქმე - რა ინფორმაციის მატარებელია ბრალდებულების ტელეფონები?

ჯარის ძარცვის საქმე - ბრალდების მხარემ საქმის მასალებს დამატებითი მტკიცებულებები დაუმატა, საუბარია კომპიუტერულ და სასაქონლე ექსპერტიზებზე.

პროკურორ ანა ლეკიაშვილის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა ბრალდებულების ტელეფონებიდან გამოთხოვილ იქნა გარკვეული სახის ინფორმაცია, სადაც უშუალოდ ბრალდებულების გარკვეული სახის კომუნიკაციაა ასახული. 

საუბარია, როგორც ვერბალურ კომუნიკაციაზე ისე მიმოწერებზე.

ბრალდების მხარემ მოითხოვა დამატებითი მტკიცებულებების დართვა - ეს არის კომპიუტერული და სასაქონლე ექსპერტიზები, კონკრეტულად ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას და მათგან ამოღებული მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი იქნა გარკვეული სახის ინფორმაცია. ტელეფონებიდან ამოღებული არის უშუალოდ ბრალდებულების გარკვეული სახის კომუნიკაცია. შინაარსი არის სხვადასხვა. ესენი არის როგორც ვერბალური კომუნიკაცია ისე მიმოწერები", - ამბობს ანა ლეკიაშვილი.

დღეს "პირველებმა" პროკურორს ჰკითხა, რითი დასტურდება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ რეალურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზება მოახდინა აღნიშნული უძრავი ქონების შეძენით - საუბარია ესპანეთის სახლზე, რაზეც ანა ლეკიაშვილმა განაცხადა, რომ ეს დასტურდება, როგორც  მოწმეთა ჩვენებით, ასევე არაერთი მტკიცებულებით.

ეს დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებით, არსებული გადარიცხვებით, გამოთხოვილი ინფორმაციებით - რაც შეეხება დეკლარაციაში შეტანას, ასევე ბრალდების განმარტებისასაც წავიკითხე, რომ 2024 წელს განხორციელდა მისი ქონების გაყიდვა, რომელიც შემდგომში გამოიყენა ესპანეთში ქონების შესაძენად. შესაბამისად 2024 წელს რაც განხორციელდა, რა თქმა უნდა, 2025 წელს უნდა შეეტანა დეკლარაციაში, რაც არ არის დაფიქსირებული", - აცხადებს პროკურორი. 

  • ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება.  ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
  • ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.