"ატკატების" სკანდალი - რა თქვა კობახიძემ კალაძეზე?
სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაზე, მათ შორის თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის ნაწილზე დღეს ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ტვ პირველი" დაინტერესდა, რატომ ვერ აღმოაჩინა დედაქალაქის მერმა კორუფციის ასეთი მასშტაბი და ასევე, რა იცის კახა კალაძემ აღნიშნულ სკანდალზე.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ფაქტთან მიმართებით კახა კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. გამოძიება რასაც ავლენს, წინასწარი მონაცემებით, კალაძეს არავითარი შემხებლობა არ ჰქონია.
მაგალითად, შეიძლება, კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოში კონკრეტული დანაშაულები გამოვლინდეს, რაც შეიძლება იმ პერიოდსაც უკავშირდებოდეს, როცა პრემიერმინისტრი მე ვიყავი, მაგრამ, შეიძლება, ამასთან დაკავშირებით მე არ მცოდნოდა. როგორც კი გავიგეთ, მაშინვე ჩავერიეთ. კორუფცია თუ არის, ჯერ უნდა გაიგო. ჩვენ სადაც გავიგეთ, ყველგან ჩავერიეთ. ესაა ჩვენი მიდგომა". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს „ატკატების“ აღებისთვის ბრალი წარუდგინეს. პროკურორის განცხადებით, კახა გვანცელაძეს დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.
კახა გვანცელაძე ბაგა-ბაღების დირექტორად 2017 წლიდან, კალაძის მერობის პერიოდში მუშაობდა. მან თანამდებობა და ქვეყანა 2023 წელს დატოვა.