საიდუმლო გრიფით ჩაკეტილი საქმე - რისი ეშინია "ოცნებას"?
სუს-ის ყოფილი ბოსისთვის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო - რუსთავის მე-12 დაწესებულების სამარტოო საკანში. ლილუაშვილი ახლა ეცნობა, რა დევს იმ 30 ტომიან საქმეში, რომელის საფუძველზეც, მისივე გუნდმა ციხეში გაუშვა. ლილუაშვილი ფიქრობს, რომ წინასწარი პატიმრობა უსამართლოა, ამიტომ მისი ადვოკატი, გირაოთი გათავისუფლებას ახლა სააპელაციო სასამართლოს გავლთ ცდილობს.
ვიდრე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო გადახედავს, განაჩენი ლილუაშვილს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა უკვე გამოუტანეს.
"ქართულ ოცნებაში" ვერც პოლიტიკურ, ვერც მორალურ და ვერც სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირი ტრანსნაციონალურ დანაშაულშია მხილებული. ივანიშვილის გუნდში დღეს პრაქტიკულად ყველას მოუწოდებენ, რომ ჩვენებები დასაჭერების წინააღმდეგ მისცენ და ამით საკუთარი თავის გადარჩენას შეძლებენ.
ვინ შეიძლება იყოს შემდეგი ჯერ უცნობია. კაცი, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა, ისე გაუშვეს ციხეში რომ საჯაროდ თავის მართლების უფლებაც კი წაართვეს. გაასაიდუმლოეს მისი საქმის მასალები. როგორც ჩანს "ოცნებაში" ეჭვობდნენ რომ თუ ლილუაშვილის პროცესებიდან ამბები სააშკარაოზე გამოვიდოდა, რეპუტაცია დანგრეული მართველი პარტია კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავარდებოდა.