ჯარის ძარცვის საქმე - ახალი მასალები ბურჭულაძის საქმეში
ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს განსასჯელის სკამიდან რამდენჯერმე მიანიშნა, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეკერეს. თავდაცვის ექს-მინისტრი ამბობს, რომ ფულის გათეთრების ბრალდება აბსურდულია და ესპანეთში ვილა ჯარის ძარცვით არ უყიდია. სასამართლო სხდომიდან გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში "ოცნების" ყოფილი მინისტრი ამბობს იმასაც, რომ მის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ირიბი ჩვენებები დევს და ისიც რამდენჯერმე შეცვლილი.
ჩვენება, რომელზეც განსასჯელის სკამიდან თავდაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობდა, ბიზნესმენ ტუკვაძეს ეკუთვნის. ეს არის მოწმე, რომელმაც ჯარის ძარცვაში თანამონაწილეობა აღიარა, თუმცა თავისუფლება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დასახელებით მოიპოვა. ტუკვაძის გამოკითხვის ოქმში აღწერს, როგორ მიდიოდა ხელოვნურად გაზრდილი ტენდერებიდან ქეში ჯუანშერ ბურჭულაძესთან. შუამავლად კი ბურჭულაძის ცოლის ძმას და ამავე საქმეზე ბრალდებულ ვასილ მხეიძეს ასახელებს.
ჯარის ძარცვის საქმეზე დღეს მტკიცებულებებს ბრალდებულების ტელეფონიდან ამოღებული მასალა დაემატა. პროკურატურამ საქმეში ჩადო 7 დისკი, რომელზეც ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ვლადიმერ ღუდუშაურის მიმოწერები და სატელეფონო საუბრებია. ასახული. გამოძიების ვერსიით, ამავე კომუნიკაციის ნაწილია ბურჭულაძის ცოლის ძმა-ვასილ მხეიძე.
მტკიცებულებების გამოკვლევა ჯარის ძარცვის საქმეზე 9 იანვრიდან დაიწყება.