"ოცნებაში" ბაჩო ახალაიას დაკავებაზე პირველი კომენტარი გაკეთდა
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმიანება.
მისი თქმით, თბილისში, 4 ოქტომბერს დაიგეგმა მძიმე დანაშაული, "ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა" და "ამ ორგანიზებაში მონაწილეობდა კონკრეტული პირი, ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია".
4 ოქტომბერს დაიგეგმა მძიმე დანაშაული, ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა. და ამ დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის იყვნენ კონკრეტული ორგანიზატორები და როგორც დღეს დამატებით გაირკვა, დაზუსტდა, ამ ორგანიზებაში მონაწილეობდა კონკრეტული პირი, ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია. დანარჩენს დააზუსტებს, რა თქმა უნდა გამოძიება, რომელიც, ბუნებრივია, გაგრძელდება.
თავისთავად მძიმე ფაქტია ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, და თქვენ იცით, რა ხდებოდა კონკრეტულად სასჯელაღსრულების სისტემაში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენაზე, როგორც ირკვევა ამ გამოძიებიდან, და უფრო მეტიც, სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ცხადია, მათ სურთ გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ წლების წინ, 2012 წლამდე.
რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ეს ყველაფერი, მათ შორის, ამას, პირველ რიგში, აქვს პრევენციული მიზანი. ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისუფლებაში სადიზმის დაბრუნებას პირდაპირი გაგებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღსრულდეს კანონი და დღევანდელი დღეც არის, რა თქმა უნდა, ამის გამოხატულება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ("ტაბულას შიფრი")
- ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დაკავებულია. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
- პროკურორ ლაშა მაღრაძის თქმით, ახალაია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.
- სუს-ში ამტკიცებენ, რომ ექს-მაღალჩინოსანი 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია.