"ოცნება" სენსაციურ დღის წესრიგს ქმნის, რომ BBC-ის გამოძიების სკანდალი გადაფაროს - ცქიტიშვილი
ფარავს თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებით "ოცნება" BBC-ის გამოძიების სკანდალს? - ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ "ოცნება" სენსაციურ დღის წესრიგს ქმნის, რათა ხალხის ქიმიური ნივთიერებით შესაძლო მოწამვლის თემიდან ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს.
რა ნივთიერების გამოყენებით მოწამლეს ხალხი ქუჩაში, "ოცნების" ხელისუფლება ისევ არ ამბობს, სამაგიეროდ ამტკიცებენ რომ ებრძვიან კორუფციას და გაძირებულ ფასებს სასურსათო პროდუქტებზე.
ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დროებითია და"ოცნებას" მაინც მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ - "ფუნდამენტური დანაშაულია ჩადენილი. ასეთ დროს სენსაციებზე ორიენტირება და დაჭერები რუსულ ავტოკრატიის მოდელებს ჰგავს".
ეს არ არის უბრალო დანაშაული, ეს არის მიზანმიმართული მოწამვლა საკუთარი მოსახლეობის, რაც ძალიან მძიმე დანაშაულია და მე ვფიქრობ, მორალური დანაშაულიც ძალიან მძიმეა, რომელთან გამკლავებაც ძალიან უჭირს. ერთია, რომ ასეთ დროს პოლიტიკა ყოველთვის ცდილობს, რომ ახალი დღის წესრიგი შემოიტანოს და გადაიფაროს, თუმცა აქ ასევე სხვა საკითხებიც არის. შიდა პოლიტიკური ბრძოლებიც არის და ერთმანეთს ათავსებენ იმას, რომ რამენაირად დღის წესრიგი მათ მართონ, პოლიტიკური დღის წესრიგი, ისე რომ ადამიანი ყურადღება ყოველთვის იყოს სენსაციაზე ორიენტირებული და ის რეალური პრობლემა, რომ მართლაც უდიდესი დანაშაულია ჩადენილი, რა თქმა უნდა, ცოტა ხანი მიავიწყონ, მაგრამ ესეც ძალიან პირობითია, რადგან დრო გავა, ერთი კვირა, ერთი თვე და ეს თემა აუცილებლად დაბრუნდება, იმიტომ, რომ ფუნდამენტური დანაშაულია ჩადენილი. ეს ჰგავს რუსულ ავტოკრატიის მოდელებს, როგორ მუშაობს ის, როგორ მუშაობს ხელოვნურად შექმნილი დღის წესრიგები - სენსაციებზე ორიენტირებული - დაჭერები და პროტესტის შეზღუდვის მცდელობები", - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.