ექსკლუზივი: ბაჩო ახალაიას ცოლის პირველი კომენტარი
თავდაცვის ექს მინისტრის ცოლის პირველი კომენტარი - ანი ნადარეიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ბაჩო ახალაია დაკავებას ელოდა. ეს მოლოდინი კი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც დაახლოებით სამი კვირის წინ, ყოფილ მაღალჩინოსანს საზღვრის კვეთის საშუალება არ მისცეს.
დაკავებულის ცოლის მონათხრობის მიხედვით, ახალაია პოლონეთში, ემიგრაციაში აპირებდა წასვლას, თუმცა მას ქართველმა მესაზღვერეებმა საზღვრის კვეთის საშუალება ყველანაირი ახსნა-განმარტების არ მისცეს.
ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღეს, რადგან 9 წლიანი სასჯელიდან გათავისუფლების შემდეგ, ბაჩო ახალაია საქართველოში სამსახურს ვერ იწყებდა.
ბაჩო აპირებდა, უკან გაბრუნებას რამდენიმე კვირის წინ ისევ პოლონეთში. ჩვენ იქ წასულები ვიყავით, როგორც ემიგრანტები - ბანკში გვაქვს ყველაფერი და ლუკმა-პურის საშოვნად ვიყავით, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ აქ არავინ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვიშოვით. ბაჩო საზღვარზე არ გაუშვეს. დაახლოებით სამი კვირის წინ, საზღვრიდან გამოაბრუნეს. მიზეზი არ განუმარტავთ.
ბაჩოს თვითონაც ჰქონდა მოლოდინი რომ დააკავებდნენ. აბსოლუტურად ყველაფერი იცოდნენ - ჩვენი გადაადგილება და ის, ვინ მოდიოდა ჩვენთან. დიდი ხანია ლუპის ქვეშ ვართ.
სრული აფსურდია ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საზოგადოებამ. ეს იყო სრული ბოდვა"- თქვა ანი ნადარეიშვილმა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - ანი ნადარეიშვილის მონაყოლის თანახმად, საგამოძიებო სამსახურს ბაჩო ახალაიას მობილური ტელეფონი იდენთიფიცირებული საერთოდ არ აქვს. ბაჩო ახალაიას ცოლის თანახმად, რამდენჯერაც მისი მეუღლე გამოკითხვაზე დაიბარეს, იმდენჯერ მას დაურეკეს და არა თავად ბაჩო ახალაიას, მიზეზად კი გამომძიებლები აცხადებდნენ, რომ მათ ახალაიას პირადი მობილური ტელეფონის ნომერი არ ჰქონდათ და მასთან კონტაქტს ვერ ახერხებდნენ.
ნადარეიშვილი სვამს კითხვას, რომელ ტელეფონთან დაკავშირებით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები მამუკა მდინარაძის უწყებამ. 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორობას” რაც შეეხება, ამას "პირველების" რესპოდენტი კატეგორიულად გამორიცხავს.
კომუნიკაცია ჩვენ ყველასთან [გვქონდა] არასდროს არ გვითქვამს, რომ ამ ადამიანებს არ ვიცნობთ, ზოგიერთი ნათესავია, ოჯახის ახლობელი, მეგობარი და ა.შ. სრული ბოდვაა [სუს-ის ბრიფინგი]. ბაჩო რომ დაიბარეს ხმის ჩანაწერის ნიმუშზე მე დამირეკეს, "ფეისბუქზეც" დავდე, რომ დამირეკეს მე და დაიბარეს ბაჩო. მე მაშინ ვუთხარი, რომ მე რატომ მირეკავთ, თუ ბაჩოს იბარებთ? ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი. სახლში ვინ ვცხოვრობდით ისიც არ აქვთ დადგენილი იმიტომ, რომ კესო ჩემი შვილიშვილი ეგონათ გუშინ, მარიშკას შვილი ეგონოთ და წარმოიდგინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე არის ლაპარაკი. ასეთ ბოდვაში ვართ.
ბაჩოს ტელეფონი დადგენილი არ აქვთ, გუშინაც მე დამირეკეს და ბაჩო დაიბარეს ისევ ჩემი ტელეფონის მეშვეობით. ბაჩოს ტელეფონი საიდან დაადგინეს, არ იციან ბაჩოს ტელეფონი. საიდან ადგენენ რომ ჩემი ტელეფონი არ არის ან ვინმესი და ბაჩოსია? საიდან ადგენენ ამას, ვარაუდია ხომ? სასაცილოა, მაგრამ ჩვენთან ხომ ცირკები ხდება სასამართლოში. მიიღებს ამ საქმეს ალბათ სასამართლო, მაგრამ ასეთი საქმე როგორ უნდა მიიღოს სასამართლომ?" - ამბობს "პირველებთან" ანი ნადარეიშვილი.
ბაჩო ახალაიას ცოლი ადასტურებს, რომ სუს-მა ის ბაჩო ახალაიასთან ერთად დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა. ნადარეიშვილის თქმით, ის გუშინ საერთოდ არ დაუკითხავთ და ისე გამოუშვეს უწყებიდან, რომ ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალება არ მისცეს: "საერთოდ არ დავუკითხივართ მეც მაინტერესებდა რა კითხვები ჰქონდათ, მაგრამ არ მაღირსეს არც ადვოკატი და არც დაკითხვა გუშინ და გამომიშვეს, გამომაგდეს იქიდან".
ნადარეშვილი ბაჩო ახალაიას ხელახლა დაკავებას "ქართულ ოცნებაში" არსებული კორუფციული სკანდალების გადაფარვას ცდილობს.
პურს ხომ აიაფებენ ეხლა და სანახაობა და პური იქნება ახლა უფასო. რაღაცების გადაფარვას ცდილობენ, ხალხის ყურადღების გადატანას, იმ სკანდალში რაშიც არიან, ოღონდ გადაფარონ. [ლილუაშვილთან დაკავშირებაზე] ესენი არიან რუსები, ჩვენი მტრები, ჩვენ კოლაბორაციონისტები არ ვართ. არ ვლაპარაკობთ მტრებთან... ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, ეს იყო სრული ბოდვა იყო... "- თქვა მან.
რაც შეეხება 25 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას, ბაჩო ახალაიას ცოლი "პირველებთან" პირველად იხსენებს როგორ შევიდნენ სუს-ის გამომძიებლები მათ საცხოვრებელ სახლში და რა ვითარებაში მოხდა მათი დაკავება. ანი ნადარეიშვილის თქმით, გაჩხრიკეს ყველაფერი, წაიღეს ტექნიკა და ახალაია და მისი ცოლი მოდულის შენობაში გადაიყვანეს.
ნადარეიშვილის ინფორმაციით, გუშინ, 25 დეკემბერს გამომძიებლები დაახლოებით 16:00 საათზე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ გამოკითხვაზე სუს-ში იბარებდნენ მასაც, ბაჩო ახალაიასაც და მათი ოჯახის ახლობელს ზვიად გაგუასაც.
მისი თქმით, უწყებაში მისვლაზე "ძვალი გამოცდილების" გათვალისწინებით უარი განაცხადეს და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მოითხოვეს გამოკითხვა. ამ ზარიდან დაახლოებით 30 წუთში კი ნუცუბიძის ქუჩაზე სპეცრაზმი გამოჩნდა.
ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ მათი ოჯახის ახლობელს, სუს-ი აიძულებდა ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიეცა.
ალბათ, დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა, დარეკეს ჩემს ნომერზე. ის გამომძიებელი ქალი იყო, რომელმაც მე მანამდე დამიბარა დაკითხვაზე. მითხრა, რომ დამატებით ჰქონდა კითხვები და მოწმის სახით მიბარებდა. ასევე, იბარებდა ბაჩოს და ზვიად გაგუას - ოჯახის ახლობელს, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. მე ვუთხარი რომ მაგისტრ მოსამართლესთან მოვიდოდით, იმიტომ რომ ის მასკარადი რაც მოაწყვეს სასწრაფოსთან, ცუდად გახდომასთან დაკავშირებით, ერთი დღე რომ ჰყავდათ რაღაც ხმის ნიმუშთან დაკავშირებით. იქაც რა ხდებოდა შიგნით, თავადაც კარგად იციან. კი ბატონო, ამას ოქმით დავაფიქსირებ და დაგიკავშირდებითო.
ზუსტად ნახევარ საათში 30 ავტომატიანი, ნიღბიანი სამართალდამცავი შემოცვივდა. თან ჰქონდათ შემოსატეხი რაღაცები. ტელეფონი ავიღე, კოდი ავკრიფე რომ LIVE ჩამერთო, რადგან საოცარი სანახაობა იყო - ეს ავტომატიანი ხალხი რა საჭირო იყო?! მომიშვირეს ავტომატი დააგდე ტელეფონი, რადგან ეს ნივთმტკიცებაა და არ გაქვს უფლება გამოყენებისო. შემდეგ მომადგა ის გამომძიებელი ქალბატონი და მითხრა, რომ დაკავებული ვიყავი.
მე რომ გამიყვანეს, ამის შემდეგ გაუყვანიათ ბაჩო, შემდეგ წაიყვანეს ზვიად გაგუა. სუს-ში უთხრეს [გაგუას] ბაჩოს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება- დაადასტურე, რომ მქონდა კონტაქტი და 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორი იყოო და ანის გამოვუშვებთო. ხედავ, ორივე დაჭერილია და ბავშვები დედ-მამის გარეშე დარჩებიანო. ამის შემდეგ გამოუშვეს, მოიყვანეს აქ, სახლში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა და ისევ წაიყვანეს და იგივე უთხრეს, დასამატებელი ხომ არ გაქვს რამეო"- დასძენს ნადარეიშვილი.
ცნობისთვის:
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
რა თქვეს სუსში?
მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე, პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.
სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.
რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.