"აბსურდი" - ბაჩო ახალაიას ადვოკატის პირველ კომენტარს აკეთებს

26.12.25 12:30
"აბსურდი" - ბაჩო ახალაიას ადვოკატის პირველ კომენტარს აკეთებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი ექს-მაღალჩინოსნის ხელახლა დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. 

"აბსურდი" - ამბობს ჟურნალისტებთან მალხაზ ველიჯანაშვილი და იქვე დასძენს, რომ ხალაიას რაიმე დანაშაულთან გაიგივება ღიმილის მომგვრელია.

"ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან" - აღნიშნა ადვოკატმა. 

„რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამ აბსურდზე, არ ვიცი. არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან, შესაბამისად, მისი უბრალოდ კავშირის არსებობა, რაიმე დანაშაულთან გაიგივება, ისეთი საკითხია, რომ შეიძლება გაგეღიმოს ადამიანს. საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს? მე არ მესმის.

WIFI ანი ნადარეიშვილზეა გაფორმებული და ამ WIFI-ზე, ვინ იყო დაკავშირებული, კაცმა არ იცის. ოჯახში WIFI-ზე რამდენი ვსარგებლობთ, ხომ? რომელმა დარეკა, ჯერ ესეც არ იციან და სახლში რომ WIFI აქვთ და ანიზე არის გაფორმებული, კი, ეგრეა, მაგრამ მერე რა? იმ WIFI-დან ვიღაცასთან რომ მოხდა დაკავშირება, არ იცი, ვინ დაურეკა, არ იცი, რაზე ელაპარაკა და [უთხრა] ორგანიზატორი ხარო, უნდა გაიაზრო ეს ყველაფერი,“ - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ცნობისთვის: 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

რა თქვეს სუსში? 

მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე,  პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.

სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.

რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.