ბანერის საქმე - ელენე ხოშტარია არც დღევანდელ პროცესს დასწრებია
ბანერის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოსი, დღეს, ელენე ხოშტარიას პროცესი გაიმართა.კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი სასამართლო სხდომას ისევ არ დასწრებია.
დღევანდელ პროცესზე ქიმიური ექსპერტები გამოკითხეს, რომლებმაც ბანერზე შესხმული ნივთიერება, საღებავი გამოიკვლიეს.
კითხვები არ დაუსვამს დაცვის მხარეს - ელენე ხოშტარიას თხოვნით სახელმწიფო წესით დანიშნული ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს იცავს, სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არ იღებს.
- შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
- ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.