"ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი" - მიხეილ სააკაშვილი
"ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმიანება.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ძალიან ცუდად იცნობს ბაჩო ახალაიას - "თავის პატარა ბინძური ჭკუით ფიქრობენ, რომ მისი მეუღლის დაჭერის მუქარით, ბაჩოსგან რამე აღიარებას მოიპოვებენ".
ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი.
ძალიან ცუდად იცნობენ ესენი ბაჩოს, რომ თავის პატარა ბინძური ჭკუით ფიქრობენ, რომ მისი მეუღლის დაჭერის მუქარით, ბაჩოსგან რამე აღიარებას მოიპოვებენ.
და საერთოდ აღარ დადგა დრო, რომ საზოგადოებამ აღიაროს ის, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და ბოლო-ბოლო აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?
კარგი, ვაშლის თლისთვის მისი დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე!" - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის:
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
რა თქვეს სუსში?
მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე, პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.
სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.
რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.