31 დეკემბერს დაანონსებული პროტესტის ჩაშლის მცდელობა? - რატომ იბარებენ ხალხს სასამართლოში

26.12.25 20:51
31 დეკემბერს დაანონსებული პროტესტის ჩაშლის მცდელობა? - რატომ იბარებენ ხალხს სასამართლოში

უწყვეტი პროტესტის მონაწილეების პროცესები მტკიცებულებების გარეშე - მოქალაქეებს, ვინც პარლამენტის წინ, ტროტუარზე იდგა, ერთი მეორეს მიყოლებით სასამართლოში იბარებენ. პოლიცია ხალხს ედავება გზის ჩახერგვას, არადა არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ გზა ჩახერგილი იყო ანუ მოძრაობა შეუძლებელი.  

მუხლი, როლითაც მსახიობ გიორგი ჩაჩანიძეს და იურისტი მიხეილ ზაქარეიშვილს ასამართლებენ, პატიმრობას ითვალისწინებს. "ოცნების" რეპრესიული კანონი ტროტუარზე დგომის გამო პირველ შემთხვევისას 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში კი 1 წლიან პატიმრობას.

განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ დღეს, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მათ წინააღმდეგ მტკიცებულება, მხოლოდ ტროტუარზე დგომის ამსახველი ვიდეოა, რომელიც შსს-მ  სოციალურ ქსელში მოიპოვა. სტუდენტების საქმეზე გელაძის უწყების წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მათ რუსთაველის გამზირზე საფეხმავლო გზა ჩახერგეს, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ ახალგაზრდები.

მტკიცებულებების არ არსებობის საბაბით პროცესები ერთმანეთის მიყოლებით გადადეს, რამაც ტროტუარზე დგომის გამო დაბარებულ მოქალაქეებში გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ  მთელს ამ პროცესებს ჰქონდა ერთი მიზანი დაეშინებინათ ხალხი, რომ 31 ში ქუჩაში აღარ გამოსულიყო.

ირაკლი ბახტაძე დეტალებით