ბაჩო ახალაია საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება
ბაჩო ახალაია საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქალაქო სასამართლოს ეზოში ამ წუთებში შეიყვანეს.
პროცესი სასამართლოში ზუსტად 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი იზოლატორიდან ეტაპირების პროცესი დაგვიანდა. რამდენიმე წუთში სავარაუდოდ, მოსამართლე სხდომას გახსნის.
ახლა ყველაზე საინტერესოა, მოითხოვს თუ არა პროკურატურა პროცესის დახურვას.
- შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახალაიას ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
რა თქმა უნდა დაესწრება სასამართლო პროცესს. საქმეში საერთდო არაფერი არ აქვთ. ორი ინტერნეტ აპლიკაციის სავარაუდო კომუნიკაციაზე საუბარი და ამასაც ვერ ადასტურებენ. ფიზიკურად არ დასტურდება არაფერი. კომუნიკაცია რა არის ისიც არ იციან. მესიჯია გაგზავნილი, დალაიქებულია, თუ გაზიარებულია, ისიც არ იციან", - ამბობს ადვოკატი მახაზ ველიჯანაშვილი.
ცნობისთვის:
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
რა თქვეს სუსში?
მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე, პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.
სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.
რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.