თავისუფლება ჩვენების სანაცვლოდ? - დატოვებს თუ არა ციხეს რომეო მიქაუტაძე

29.12.25 11:26
თავისუფლება ჩვენების სანაცვლოდ? - დატოვებს თუ არა ციხეს რომეო მიქაუტაძე

დატოვებს თუ არა ციხეს ეკონომიკის მინისტრის ექს მოადგილე? კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რომეო მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ის, რომ მიქაუტაძე სუსის ექს შეფის საქმეში მთავარი მოწმეა, "პირველებს" მიქაუტაძესთან დაახლოებულმა არაერთმა პირმა უთხრა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. "პირველების" ინფორმაციით, ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ და პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

ამის მიუხედავად, დღეს სასამართლოში მისული მიქაუტაძის მეუღლე "პირველების" კითხვებს არ პასუხობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ არ იცის, მისცა თუ არა მისმა მეუღლემ ჩვენება ლილუაშვილის წინააღმდეგ. 

არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ადვოკატებს ჰკითხეთ, - ამბობს ნინო მიქაუტაძე. 

ის, რომ შესაძლოა საპროცესო შეთანხმებას ხელი მოეწეროს, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი არ გამოირცხავს. 

საპროცესო შეთანხმება რომ გაფორმდეს ადამიანთან, მან აუცილებლად უნდა აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღიაროს დანაშაული და ამ ეტაპზე მას აღიარებული დანაშაული არ აქვს, ზიანი ანაზღაურებული არ აქვს და არც გაუჟღერებია ჯერჯერობით, რომ უნდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. საერთოს არასდროს არაფერი უნდა გამორიცხო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე გეგმავს, ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლების დაკითხვას, რომლებმაც მოცემულ საქმეზზე ჩაატარეს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, - ამბობს პროკურორი  ირაკლი მარშანია.

საპროცესო შეთანხმებას არ გამორიცხავს არც რომეო მიქაუტაძის ადვოკატი.  

50-ზე მეტი მოწმეა გამოკითხული და ჯერ არცერთ მოწმეს სრულად არ დაუდასტურებია ის ინფორმაცია, რაც წერია გამოკითხვის ოქმებში. თითქმის ყველა მათგანი, განსაკუთრებით ის მოწმეები, რომლის გამოკითხვის ოქმითაც თითქოს რაღაც ბრალდების ვერსია დასტურდებოდა, ყველა მათგანმა სასამართლოში განმარტა, რომ ასეთი ინფორმაცია მათ გამოძიებაში არ დაფიქსირებიათ. მე ვინტერესდები მხოლოდ იმ სისხლის სამართლის საქმით, რომელშიც მე ვიცავ მის ინტერესებს. ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება საპროცესოსთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ვერაფერს გამოვრიცხავ, - ამბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.