რით მოწამლეს ხალხი - რატომ არ ასაჯაროებენ დოკუმენტს?

29.12.25 13:43
რით მოწამლეს ხალხი - რატომ არ ასაჯაროებენ  დოკუმენტს?

ქიმიური სკანდალის საქმეზე შალვა პაპუაშვილი BBC-ის და ევროპარლამენტს "ქართულ სახელმწიფოზე ორკესტრირებულ თავდასხმაში" ადანაშაულებს. სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ყველა კითხვას სუს-ის გამოძიებამ პასუხი უკვე გასცა და თუკი რომელიმე საერთაშორისო ინსტანცია დასკვნით დაინტერესდება, მზად არიან, დოკუმენტი აჩვენონ.

ამის მიუხედავად, "პირველების" კითხვას, რატომ არ საჯაროვდება აღნიშნული დოკუმენტი, პაპუაშვილი თავს არიდებს. 

ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც შესრულდა BBC-ის, ევროპარლამენტის და ქართველი რადიკალების და მათი მედიის ხელით. მზად ვართ, ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას, ყველა ეს მასალა ვაჩვენოთ. და მოვიდნენ ეს საერთაშორისო ინსტიტუციები თუ რამე კითხვა არსებობს, რატომ არ მოდიან?

ეს იყო ჩეულებრივად გარედან დადგმული სცენარის. ერთი წლის თავზე დაიწყეს ახლა მოძიება, რომელი მოიწამლა, ვის ჰქონდა იმ დღეს თავის ტკივილი და მაღალი წნევა. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული. თუკი რაიმე კითხვა არსებობს, ითქვა აბსოლუტურად გასაგებად პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ აქვს კითხვა, მოვიდეს - ნახოს. რატომ არ ჩამოდიან, რატომ ვერ ჩამოაღწიეს აქამდე?, - ამბობს პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.