პროკურატურა 2 პირობას ასახელებს, რომლის შესრულების შემდეგ მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმებას განიხილავს

29.12.25 14:20
პროკურატურა 2 პირობას ასახელებს, რომლის შესრულების შემდეგ მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმებას განიხილავს

ბრალის აღიარება და ზარალის ანაზღაურება - ეს ორი პირობა დაასახელა პროკურატურამ რა შემთხვევაშიც შესაძლოა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს.

სურვილის შემთხვევაში საგამოძიებო უწყება მზადაა, ახალ წლამდე გამოუშვას ციხიდან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მიქაუტაძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს მოცემულობა მომავალში შეიცვალოს.

ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში საპროცესო შეთანხმება, საერთოდ არ განიხილება არც ჩემსა და ბატონ რომეო მიქაუტაძეს შორის და მითუმეტეს, არც დაცვის და ბრალდების მხარეს შორის. 

ამ ეტაპზე ჩვენ გეზი გვაქვს აღებული, რომ ვამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას. თუ რამე შეიცვლება მომავალში და შესაძლოა, შეიცვვალოს, მაშინ მივმართავთ. 

[არ ესაუბრეთ ლილუაშვილთან დაკავშირებით რა ჩვენება მისცა? - ჟურნალისტი] მე ვესაუბრები ბატონ რომეოს მხოლოდ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელ საქმეზეც ვმუშაობ მე",- განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით კი, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, რადგან პროკურორის თქმით, საპროცესო შეთანხმებისთვის საჭიროა, ბრალდებულმა ბრალი აღიაროს, ზარალი აანაზღაუროს და ასევე, საპროცესო შეთანხმების თხოვნით პროკურატურას მიმართოს. მარშანიას თქმით, ამ ეტაპზე ეს კომპონენტები დაკმაყოფილებული არ არის.

თუ მოგვმართა და ჩამოთვლილი კომპონენტები დააკმაყოფილა, განვიხილავთ მის პირობებს. ყველა საქმე არის ინდივიდუალური და შესაბამისად რას გააკეთებს, რა წინადადებით მოგვმართავს, ჩვენ შევჯერდებით და შესაბამისი პასუხიც იქნება პროკურატურიდან"- თქვა პროკურორმა. 

კითხვაზე- ნების შემთხვევაში 2-3 დღეში ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ირაკლი მარშანიამ თქვა, რომ "სავსებით შესაძლებელია". 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.