წყლის ჭავლი კი არა, შემიძლია, ცეცხლი გავხსნა ლეგიტიმური - შარმანაშვილი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე

29.12.25 14:26
წყლის ჭავლი კი არა, შემიძლია, ცეცხლი გავხსნა ლეგიტიმური - შარმანაშვილი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე

წყლის ჭავლი კი არა, შემიძლია, ცეცხლი გავხსნა ლეგიტიმური, - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერების შესახებ დასმულ კითხვას. თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ სუსმა ყველა კითხვას უპასუხა და გამოაქვეყნა, რა საშუალებას იყენებს შსს ზოგადად დარბევების დროს.

ამასან, ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ დაშავებულებს იმდენად მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, რომ კლინიკიდან მეორე და მესამე დღეს გაწერეს. 

სუსმა გამოაქვეყნა პრაქტიკაში რას იყენებს შსს ასეთ დროს, სხვა დღეებშიც და სხვა დროსაც... წყლის ჭავლი კი არა, შემიძლია, ცეცხლი გავხსნა ლეგიტიმური... ცეცხლის გახსნა სჯობდა თუ საპოლიციო ნივთიერების შერეული წყლის გამოყენება? ლეტალურად შეიძლებოდა, იქ ყველაფერი დამთავრებულიყო. დაშავებულების მდგომარეობას შეხედეთ, როდესაც თითქმის ყველა მომიტინგე მეორე ან მესამე დღეს არის სახლში გამოწერილი თუ ვინმე დაშავებული იქნა, - ამბობს შარმანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.